წესები და პირობები
ეს წესები და პირობები განსაზღვრავს ჩვენი კომპანიის საწევრო პაკეტების, პროდუქტებისა და დამატებითი ფასიანი სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებულ უფლებებს, ვალდებულებებსა და ზოგად წესებსა და პირობებს. ამ წესებსა და პირობებზე თანხმობით ან/და ჩვენი კომპანიის საწევრო პაკეტებით, პროდუქტებითა და დამატებითი ფასიანი სერვისებით სარგებლობით, ავტომატურად ეთანხმებით ამ წესებსა და პირობებს.
გამოქვეყნებულია: 2023 წლის 01 აგვისტო
ჩვენ შესახებ. ჩვენ, ამ ვებსაიტის ოპერატორები და საწევრო პაკეტების, პროდუქტებისა და დამატებითი ფასიანი სერვისების მომწოდებლები, ვართ შპს „აჭარა ჯგუფის სამუშაო სივრცეების კომპანია“, ს/კ: 404630538, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, კოსტავას ქ. N14 (შემდგომში "D Block", "ჩვენ", ან "ჩვენი").
ვებ-გვერდი: ეს ვებ-გვერდი, რომელიც განკუთვნილია მესამე პირების მიერ სარგებლობისთვისა და ჩვენი პროდუქტების, საწევრო პაკეტების და დამატებითი ფასიანი სერვისების გასაცნობად. ამ წესებსა და პირობებში ვებ-გვერდი ასევე გულისხმობს წევრის პორტალს, ან ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ პორტალს, სადაც ჩვენს წევრებს შეუძლიათ შექმნან და მართონ მომხმარებლის პროფილი („წევრის პორტალი“ ან „პორტალი“), მიიღონ წვდომა უფრო დეტალურ ინფორმაციაზე ჩვენი სამუშაო სივრცის, საწევრო პაკეტების, პროდუქტებისა და ჩვენ მიერ შეთავაზებული დამატებითი ფასიანი სერვისების შესახებ, შეიძინონ ჩვენი საწევრო პაკეტები, პროდუქტები და დამატებითი ფასიანი სერვისები და აღნიშნული მიზნით განახორციელონ გადახდები, ჯავშნები, მოიწვიონ სტუმრები, დაუკავშირდნენ სხვა წევრებს მათი პირადი პროფილის სხვა წევრებისთვის გაზიარების გზით, ქონდეთ წვდომა ნებისმიერ ფინანსურ, იურიდიულ და ოპერაციულ ინფორმაციაზე/დოკუმენტზე ჩვენი საწევრო პაკეტების, პროდუქტების და დამატებითი ფასიანი სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით და გაეცნონ ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომ ჩვენს სხვადასხვა მარკეტინგულ შეთავაზებებს.
ჩვენი წევრებისა ან კონტაქტების პერსონალისთვისაც ასევე შესაძლებელია პორტალზე მომხმარებლის პროფილის შექმნა. თუმცა, მხოლოდ წევრს ან წევრის პერსონალიდან გამოყოფილ პირს („ადმინისტრატორი“) შეუძლია მართოს წევრის პროფილი, მიიღოს შესაბამისი ინვოისები D Block-სგან, განახორციელოს გადახდები, ჯავშნები და დაჯავშნოს/შეიძინოს დამატებითი ფასიანი სერვისები წევრის სახელით და ქონდეს წვდომა ფინანსურ, იურიდიულ და ოპერაციულ ინფორმაციაზე/დოკუმენტზე, რომელიც დაკავშირებულია წევრის მიერ შესაბამისი საწევრო პაკეტებით, პროდუქტებითა და დამატებითი ფასიანი სერვისებით სარგებლობასთან.
იმის გათვალისწინებით, რომ ვებ-გვერდზე ინტეგრირებული წევრის პორტალი მოგვეწოდება შესაბამისი კონტრაქტორის მიერ, ჩვენ ვთავისუფლდებით ნებისმიერი სახის პირდაპირი თუ ნაგულისხმევი განცხადებისა და გარანტიისგან, რომელიც უკავშირდება წევრის პორტალს, მათ შორის და არა მხოლოდ, მის სათანადო ფუნქციონირებას, გამართულ მუშაობასა და კონკრეტული მიზნისთვის ვარგისიანობის ნებისმიერ ნაგულისხმევ გარანტიას. წევრის პროფილის შექმნით, თქვენ ასევე ეთანხმებით პორტალის მფლობელი პირის მიერ დადგენილ წესებსა და პირობებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკასა და სხვა ნებისმიერ წესებს (ასეთი არსებობის შემთხვევაში), რომელიც უკავშირდება და არეგულირებს თქვენ მიერ პორტალით სარგებლობას.
თქვენ შესახებ. ამ წესებსა და პირობებში, ტერმინები „წევრი“, „კონტაქტი“, „თქვენ“ ან „თქვენი“ ეხება ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც ყიდულობს D Block საწევრო პაკეტებს, პროდუქტებსა და დამატებით ფასიან სერვისებს. იურიდიული პირი, რომელიც ყიდულობს D Block-ის საწევრო პაკეტებს ან პროდუქტებს მისი პერსონალის და/ან ვიზიტორების მიერ შემდგომი გამოყენებისთვის, ასევე ფიზიკური პირი, რომელიც ყიდულობს D Block საწევრო პაკეტებს ან პროდუქტებს პირადი გამოყენებისთვის, ვალდებულია შექმნას და დარეგისტრირდეს წევრის ან კონტაქტის პროფილი ამ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ პორტალზე და განუხრელად დაიცვას მოცემული წესები და პირობები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა, ქცევის წესები და საწევრო ხელშეკრულებები (გაფორმების შემთხვევაში).
ამ წესებსა და პირობებში, ქცევის წესებში ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში ტერმინები „თქვენ“ და „თქვენი“ ასევე გულისხმობს პირებს, რომლებიც წარმოადგენენ ჩვენი წევრების ან კონტაქტების პერსონალს. მითითება მოცემული წესებისა და პირობების იმ მუხლებზე, რომლებიც ამ პერსონალზე არ ვრცელდება არის მკაფიოდ აღნიშნული. სხვა შემთხვევაში, ტერმინი „თქვენ“ ასევე გულისხმობს ჩვენი წევრის ან კონტაქტის პერსონალს, რომელიც იყენებს ჩვენს სამუშაო სივრცეს.
თუ ეთანხმებით ამ წესებსა და პირობებს იურიდიული პირის ან სხვა ფიზიკური პირების სახელით, აცხადებთ და იძლევით გარანტიას, რომ გაქვთ ყველა საჭირო უფლება, ავტორიზაცია და ნებართვა, რომ წინამდებარე წესები და პირობები გახადოთ აღნიშნულ პირთათვის შესასრულებლად სავალდებულო, აგრეთვე ვალდებული ხართ: (ა) წარმოადგინოთ ზუსტი და სწორი ინფორმაცია თქვენს ან მესამე პირების შესახებ, რომლის სახელითაც მოქმედებთ; (ბ) სათანადო უფლებამოსილებით წარმოადგინოთ იურიდიული ან ფიზიკური პირი (იმ შემთხვევაში, როდესაც ავსებთ მონაცემებს მესამე პირის - იურიდიული ან ფიზიკური პირის სახელით); (გ) უზრუნველყოთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები ეკუთვნის 18 წელს მიღწეულ პირ(ებ)ს (იმ შემთხვევაში, როდესაც ავსებთ მონაცემებს სხვა ფიზიკური პირის სახელით); (დ) უზრუნველყოთ, რომ თქვენი პერსონალი (იურიდიული პირის შემთხვევაში) ან ფიზიკური პირები (იმ შემთხვევაში, როდესაც ავსებთ მონაცემებს ფიზიკური პირის სახელით) გაეცნენ, დაეთანხმნენ და იცავენ მოცემულ წესებსა და პირობებს, ქცევის წესებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას. ამასთან, ამ წესებსა და პირობებზე თანხმობით ადასტურებთ, რომ თქვენ და თქვენი პერსონალი იყენებთ ჩვენს საწევრო პაკეტებს, პროდუქტებსა და დამატებით ფასიან სერვისებს მხოლოდ პირადი, კომერციული და/ან სხვა კანონიერი მიზნებისთვის, რომლებიც არ აზიანებს ჩვენს რეპუტაციას ან/და არ გვაყენებს მატერიალურ ზიანს.
თუ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია აღმოჩნდება არაზუსტი, მცდარი, ყალბი ან შეცდომაში შემყვანი, უფლებას ვიტოვებთ შეგიზღუდოთ წვდომა სამუშაო სივრცეზე, თქვენ მიერ გადახდილი საფასურის დაბრუნების და/ან რაიმე სხვა პასუხისმგებლობებისა და ვალდებულების გარეშე.
წევრები. ამ წესებსა და პირობებში, ტერმინი "წევრ(ებ)ი", მხოლობით ან მრავლობით რიცხვში, ნიშნავს ყველა პირს (იურიდიულ ან ფიზიკურ პირს), რომელიც: (i) ჩვენი საწევრო პაკეტების შეძენის შედეგად სარგებლობს ჩვენი სამუშაო სივრცეებით და (ii) რეგისტრირდება ჩვენს ვებსაიტზე და ქმნის მომხმარებლის პროფილს. ყველა ასეთი პირი ეთანხმება ამ წესებსა და პირობებს, ქცევის წესებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და/ან შესაბამის საწევრო ხელშეკრულებას.
კონტაქტები. ამ წესებსა და პირობებში, ტერმინი "კონტაქტ(ებ)ი", მხოლობით ან მრავლობით რიცხვში, ეხება ყველა პირს (იურიდიულ ან ფიზიკურ პირს), რომელიც: (i) ჩვენი პროდუქტების (D Pass) შეძენის შედეგად იყენებს ჩვენს სამუშაო სივრცეს და (ii) რეგისტრირდება ჩვენს პორტალზე / ვებსაიტზე. ყველა აღნიშნული პირი ეთანხმება ამ წესებსა და პირობებს, ქცევის წესებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და/ან საწევრო ხელშეკრულებას.
თქვენი პერსონალი და სტუმრები. ამ წესებსა და პირობებში, ტერმინები „პერსონალი“ ან „თქვენი პერსონალი“ გულისხმობს პირებს, რომლებიც იყენებენ ჩვენს სამუშაო სივრცეებს თქვენი სახელით ან თქვენი მეშვეობით, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე (მიუხედავად ურთიერთობის სახეობისა, იქნება ეს დასაქმების, მომსახურების ხელშეკრულება თუ სხვა) გაფორმებული ერთი მხრივ, თქვენ (იურიდიულ ან ფიზიკურ პირს) და მეორე მხრივ, კონკრეტულ პირს შორის.
ტერმინი „სტუმარი“ გულისხმობს კონკრეტულ პირ(ებ)ს, რომელსაც იწვევთ თქვენ სამუშაო სივრცეში, დროის ნებისმიერ მონაკვეთში.
ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით დამატებით განიმარტება, რომ თუ თქვენ წარმოადგენთ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს თანამშრომლის და/ან სტუმრის გარეშე და სარგებლობთ სამუშაო სივრცით დამოუკიდებლად, მოცემულ წესებსა და პირობებში და/ან მის ქცევის წესებში გათვალისწინებული შესაბამისი პირობა ვრცელდება მხოლოდ თქვენზე. შესაბამისად, მითითება თანამშრომელზე და/ან სტუმარზე არ არის მოქმედი თუ თქვენ არ მისცემთ წვდომას თქვენს თანამშრომელს სამუშაო სივრცეზე ან არ დაპატიჟებთ სტუმარს თქვენს სამუშაო სივრცეში.
გაწევრიანების მიზნით გაფორმებული დოკუმენტები. იმისათვის, რომ ისარგებლოთ ჩვენი სამუშაო სივრცით, სავალდებულოა შემდეგი ეტაპების გავლა: (i) მომხმარებლის პროფილის გააქტიურება ჩვენს ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ პორტალში; (ii) მოცემულ წესებსა და პირობებზე და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაზე დათანხმება, რომელსაც აგრეთვე მიიღებთ ჩვენთვის მოწოდებულ თქვენს პირად ელექტრონული ფოსტის მისამართზე. ამასთან, შესაბამისი საწევრო ხელშეკრულება შესაძლოა გაფორმდეს ჩვენსა და კონკრეტულ წევრს შორის იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შორის არსებული ურთიერთობა მოითხოვს ხელშეკრულებაში დამატებითი პირობების განსაზღვრას. ამ წესებსა და პირობებში, ტერმინი „საწევრო ხელშეკრულება“ გულისხმობს FLEX საწევრო ხელშეკრულებასა და BOX საწევრო ხელშეკრულებას, რომელიც განსაზღვრავს სპეციალურ და ინდივიდუალურ პირობებს FLEX საწევრო პაკეტითა და BOX საწევრო პაკეტით სარგებლობისთვის და წარმოადგენს ამ წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს.
კონტაქტთან გაფორმებული დოკუმენტები. კონტაქტთან გაფორმებული დოკუმენტები (იგულისხმება იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც ყიდულობს ჩვენს პროდუქტებს): (i) ააქტიურებთ მომხმარებლის პროფილს ჩვენს ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ პორტალზე; (ii) ეთანხმებით მოცემულ წესებსა და პირობებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას, რომელსაც აგრეთვე მიიღებთ ჩვენთვის მოწოდებულ თქვენს პირად ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
ჩვენ მიერ შემოთავაზებული საწევრო პაკეტები. ამ წესებსა და პირობებში, ტერმინი „საწევრო პაკეტები“ გულისხმობს BOX და FLEX საწევრო პაკეტებს. საწევრო პაკეტების აღწერილობა, ფასები, ანგარიშსწორების, შეწყვეტისა და გაუქმების პირობები და სხვა კონკრეტული დეტალები მოცემული და ხელმისაწვდომია ამ ვებ-გვერდზე. თქვენი პირადი პროფილით ჩვენი საწევრო პაკეტების შეძენისას, თქვენ ეთანხმებით მოცემულ წესებსა და პირობებს, ქცევის წესებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკასა და საწევრო ხელშეკრულებებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და იღებთ ვალდებულებას მათ განუხრელ დაცვაზე.
FLEX ან BOX საწევრო პაკეტების წევრობა დამოკიდებულია ჩვენ მიერ თქვენი შესაბამისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომელსაც გვიგზავნით მოცემული ვებ-გვერდის საშუალებით. თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ჩვენგან მიიღებთ შესაბამის შეტყობინებას.
ჩვენ მიერ შემოთავაზებული პროდუქტები. ამ წესებსა და პირობებში, ტერმინი "პროდუქტი" გულისხმობს D-Pass პროდუქტს, რომელიც ხელმისაწვდომია სარგებლობისთვის კონტაქტის მიერ მისი შეძენიდან 24 საათის განმავლობაში. პროდუქტის აღწერილობა, ფასი და სხვა დამატებითი პირობები მითითებულია მოცემულ ვებ-გვერდზე. თქვენი პირადი პროფილით ჩვენი საწევრო პაკეტების შეძენისას, თქვენ ეთანხმებით მოცემულ წესებსა და პირობებს, ქცევის წესებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკასა და იღებთ ვალდებულებას მათ განუხრელ დაცვაზე. პროდუქტის შეძენა დამოკიდებულია სამუშაო სივრცის ხელმისაწვდომობაზე. მიუხედავად იმისა, რომ გონივრულ ძალისხმევას მივმართავთ იმისათვის, რომ ჩვენი ყველა პროდუქტი მუდმივად ხელმისაწვდომი იყოს სარგებლობისთვის, ჩვენ შესაძლოა ვერ ვუზრუნველვყოთ ასეთი ხელმისაწვდომობა მუდმივ რეჟიმში და შესაბამისად, არ ვიღებთ პასუხისმგებლობას თქვენ მიერ პროდუქტის დროის ნებისმიერ მონაკვეთში შეძენის შეუძლებლობაზე.
სამუშაო სივრცე. ამ წესებსა და პირობებში, ტერმინი „სამუშაო სივრცე“ გულისხმობს ჩვენს მთელ სივრცეს, მათ შორის თქვენს სამუშაო სივრცეს და სხვა წევრების და კონტაქტების სამუშაო სივრცეებს. თუ ამ წესებისა და პირობების ნებისმიერი დებულება გულისხმობს მხოლოდ თქვენს სამუშაო სივრცეს, მას მოვიხსენიებთ „თქვენს სამუშაო სივრცედ“. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტერმინს „სამუშაო სივრცე“ აქვს ზოგადი მნიშვნელობა და გულისხმობს ნებისმიერ სივრცეს ჩვენს შენობაში, სადაც ჩვენს წევრებს/კონტაქტებს ვთავაზობთ საწევრო პაკეტებს, პროდუქტებსა და დამატებით ფასიან მომსახურებებს.
ჩვენ მიერ შემოთავაზებული დამატებითი ფასიანი სერვისები. ამ წესებსა და პირობებში, „დამატებითი ფასიანი სერვისები“ გულისხმობს შემდეგს:
- შეხვედრების ოთახები;
- Podcast ოთახი;
- ჩვენებების ოთახი.
დამატებითი ფასიანი სერვისები ხელმისაწვდომია მხოლოდ ჩვენი წევრებისთვის. იმისათვის, რომ ჩვენი წევრის კონკრეტულმა პერსონალმა მიიღოს დამატებითი ფასიანი მომსახურება, დამატებითი ფასიანი სერვისები უნდა შეიძინოს შესაბამისმა იურიდიულმა ან ფიზიკურმა პირმა, რომლის პერსონალსაც ისინი წარმოადგენენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პერსონალს არ აქვს უფლება ინდივიდუალურად, საკუთარი ან წევრის სახელით შეიძინოს დამატებითი ფასიანი სერვისები.
დამატებითი ფასიანი სერვისების აღწერილობები, ფასები ანგარიშსწორების, შეწყვეტისა და გაუქმების პირობები განთავსებულია და ხელმისაწვდომია მოცემულ ვებ-გვერდზე და მათი შეძენისას, თქვენ ასევე ეთანხმებით აღნიშნულ პირობებს.
1. ჩვენი სამუშაო სივრცით სარგებლობის ზოგადი წესები
1.1. ჩვენი საწევრო პაკეტების და/ან პროდუქტების შეძენით, თქვენ ავტომატურად ხდებით ჩვენი წევრი ან ჩვენი კონტაქტი. შესაბამისად, თქვენ და/ან თქვენს პერსონალს გენიჭებათ სრული წვდომა შეძენილი საწევრო პაკეტისთვის ან პროდუქტისთვის განკუთვნილ სამუშაო სივრცეზე, თითოეული ასეთი საწევრო პაკეტისთვის ან პროდუქტისთვის განსაზღვრული ვადისა და პირობების შესაბამისად, მოცემული წესებისა და პირობების დაურღვევლად.
1.2. საწევრო პაკეტებით, პროდუქტებითა და დამატებითი ფასიანი სერვისებით სარგებლობის წესები და პირობები (კომერციული და არაკომერციული პირობების ჩათვლით) გათვალისწინებულია კონკრეტული საწევრო პაკეტის, პროდუქტის ან დამატებითი ფასიანი სერვისის აღწერილობაში, რომელიც განთავსებულია მოცემულ ვებ-გვერდზე. შესაბამისად, აღნიშნული პირობები ასევე წარმოადგენენ მოცემული წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს.
1.3. თქვენი ჩვეული საქმიანობის ფარგლებში, შესაძლოა დაგჭირდეთ სამუშაო სივრცეში გარკვეული სახის ტექნიკური მოწყობილობებისა და ინვენტარის განთავსება, რამაც ხელი არ უნდა შეუშალოს ჩვენი სამუშაო სივრცისა და სხვა წევრების ჩვეულ სამუშაო პროცესს. თუ თქვენ მიერ სამუშაო სივრცეში განთავსებული ტექნიკური მოწყობილობები საჭიროებს ელექტროენერგიის და/ან ინტერნეტ რესურსის დიდი ან განსაკუთრებით მაღალი სიმძლავრით მოხმარებას, ასეთ მოხმარებასთან დაკავშრებით, შევათანხმებთ დამატებით პირობებს. თქვენ დამატებით აცხადებთ და იძლევით გარანტიას, რომ სამუშაო სივრცეში განთავსებული თქვენი ტექნიკური აღჭურვილობა არ ქმნის ადამიანის სიცოცხლესთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებს.
1.4. წესებისა და პირობების დაცვა. მოცემული წესები და პირობები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა და ქცევის წესები წარმოადგენენ D Block-ის სამუშაო სივრცით სარგებლობის დროს ჩვენი წევრებისთვის, კონტაქტებისთვისა და მათი პერსონალისთვის განკუთვნილ და მათ მიერ შესასრულებელ საერთო წესებს და ჩვენ, ყველა ჩვენი წევრისგან და კონტაქტისგან მოვითხოვთ მათ განუხრელ დაცვას.
1.4.1. თქვენ პასუხისმგებელი ხართ მოცემული წესებისა და პირობების, მათზე თანდართული ქცევის წესებისა და ჩვენს სამუშაო სივრცეში განთავსებული გამაფრთხილებელი ნიშნებისა და მითითებების განუხრელ დაცვაზე („გამაფრთხილებელი ნიშნები“). აღნიშნული ქცევის წესები და გამაფრთხილებელი ნიშნები ასევე უნდა დაიცვას ნებისმიერმა პირმა (მაგალითად, თქვენმა პერსონალმა, სტუმრებმა და სხვა მესამე პირებმა), რომლებიც სარგებლობენ და რომლებსაც წვდომა აქვთ სამუშაო სივრცეზე თქვენი სახელით. თუ თქვენ წარმოადგენთ წევრს ან კონტაქტს, რომელიც სამუშაო სივრცით სარგებლობს თავის პერსონალთან ერთად, თქვენ ვალდებულები ხართ უზრუნველჰყოთ თქვენი პერსონალისთვის და/ან სტუმრებისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სამუშაო სივრცეში არსებული და მოქმედი ქცევის წესების გამაფრთხილებელი ნიშნებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის გაცნობა და საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველჰყოთ მათგან შესაბამისი წერილობითი ინფორმირებული თანხმობების მოპოვება აღნიშნულ წესებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაზე (თუ წერილობითი თანხმობის მოპოვება მოთხოვნილია მოქმედი კანონმდებლობით). ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, მოცემულ წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ პერსონალსა და სტუმრებზე ავტომატურად ვრცელდება მოცემული წესებისა და პირობების დაცვის ვალდებულება და შესაბამისად, ჩვენ უფლებამოსილი ვართ მოვითხოვოთ მათგან ჩვენ მიერ არსებული და პერიოდულად შემუშავებული ყველა ქცევის წესისა თუ შიდა პოლიტიკის განუხრელი დაცვა. თქვენი სტუმრები დამატებით ვალდებულნი არიან დაიცვან ჩვენს სამუშაო სივრცეში არსებული სტუმრის წესები და პირობები.
1.4.2. გარდა ქცევის წესებით გათვალისწინებული ვალდებულებებისა, თქვენ და/ან თქვენი პერსონალი დამატებით ვალდებული ხართ პატივი სცეთ ჩვენი და ჩვენი სხვა წევრების/კონტაქტების სამუშაო პროცესს და წარმართოთ თქვენი სამუშაო პროცესი იმგვარად, რომ ხელი არ შეუშალოთ სამუშაო სივრცის ჩვეულ სამუშაო პირობებში ფუნქციონირებას. თქვენი ან თქვენი პერსონალის/სტუმრების მიერ თქვენი სამუშაო სივრცის გამოყენებამ ჩვენს სამუშაო სივრცეში არ უნდა შექმნას ადამიანის სიცოცხლესთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები და სიცოცხლისთვისა და ჯანმრთელობისთვის საშიში გარემო. თქვენ და/ან თქვენი პერსონალი/სტუმრები სრულად და სოლიდარულად პასუხისმგებლები ხართ ჩვენთვის ან სხვა წევრებისთვის/კონტაქტებისთვის, თქვენი, თქვენი პერსონალის ან სტუმრების არასათანადო ქცევის შედეგად მიყენებულ ნებისმიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ, მატერიალურ ან არამატერიალურ ზიანზე, ამ წესების და პირობების, ქცევის წესებისა და გამაფრთხილებელი ნიშნების დარღვევის შედეგად.
თუ ხართ ჩვენი წევრის/კონტაქტის პერსონალი, ვიტოვებთ უფლებას დაგაკისროთ პასუხისმგებლობა ნებისმიერი პირდაპირი ან არაპირდაპირი, მატერიალური ან არამატერიალური ზიანისთვის, რომელიც წარმოიშვა ჩვენთვის ან სხვა წევრებისთვის/კონტაქტებისთვის თქვენი ქმედებების/ქცევის ან/და ამ წესებისა და პირობების, ქცევის წესების და/ან გამაფრთხილებელი ნიშნების დარღვევის შედეგად.
მოცემული წესებისა და პირობების და სამუშაო სივრცეში მოქმედი ყველა ქცევის წესის დარღვევის შემთხვევაში, თქვენ (იგულისხმება ერთობლივად, კონკრეტული წევრი/კონტაქტი ან/და პერსონალი/სტუმარი(სტუმრები)) სრულად ხართ პასუხისმგებელი ასეთი დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე. გარდა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებისა, ვიტოვებთ უფლებას, ჩვენი დისკრეციით დროებით ან მუდმივად შეგიზღუდოთ ან შეგიწყვიტოთ თქვენი ან თქვენი პერსონალის/სტუმრების სამუშაო სივრცეზე წვდომა, დარღვევის სიხშირისა და სიმძაფრის გათვალისწინებით. საწევრო პაკეტში, პროდუქტში და/ან დამატებით ფასიან სერვისებში გადახდილი თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას თქვენთვის, თქვენი პერსონალისთვის/ სტუმრისთვის წინამდებარე პუნქტის შესაბამისად თქვენი სამუშაო სივრცეზე წვდომის შეზღუდვის ან შეწყვეტის შემთხვევაში.
1.5. სამეთვალყურეო ვიდეო კამერები და ჩაწერა. თქვენ გაქვთ წვდომა და სრული კონტროლი თქვენს სამუშაო სივრცეზე, ხოლო D Block მისი ჩვეული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ახორციელებს იმ შენობის პერიმეტრის და საერთო სარგებლობის სივრცეების დაცვას (საერთო პერიმეტრზე და საერთო სარგებლობის ფართებზე განლაგებული სამეთვალყურეო ვიდეო კამერებისა და გამოყოფილი უსაფრთხოების თანამშრომელთა ჯგუფის საშუალებით, რომლებიც 24/7 რეჟიმში იცავენ D Block-ის საერთო სარგებლობის სივრცეებს), სადაც მდებარეობს სამუშაო სივრცე.
თქვენ, თქვენი პერსონალი და/ან სტუმარი სრულად ხართ პასუხისმგებელი სამუშაო სივრცეში განთავსებული თქვენი და/ან თქვენი პერსონალის/სტუმრის კუთვნილი ნივთებისა და ინვენტარის უსაფრთხოდ გამოყენებასა და შენახვაზე და მათი დაკარგვის, ქურდობის, დაზიანების ან/და განადგურების შემთხვევაში, თქვენ უნდა მიმართოთ D Block-ის ადმინისტრაციას და განაცხადოთ აღნიშნული ან ნებისმიერი სხვა ტიპის ინციდენტის აღმოჩენის შესახებ, რა შემთხვევაშიც D Block-ის ადმინისტრაცია თავისი შესაძლებლობის ფარგლებში შეამოწმებს ინციდენტის მოხდენის თარიღზე არსებულ ვიდეო-ჩანაწერებს და უარყოფს ან დაგიდასტურებთ ინციდენტის არსებობის ფაქტს.
სამეთვალყურეო ვიდეო კამერების ჩანაწერები ინახება მათი ჩაწერიდან სულ მცირე 30 დღის ვადით.
თქვენ და თქვენი პერსონალი ითვალისწინებთ და არ აცხადებთ პრეტენზიას მასზედ, რომ D Block-ის საერთო სარგებლობის სივრცეში განთავსებული სამეთვალყურეო ვიდეო კამერების განლაგების გათვალისწინებით, D Block-მა შესაძლოა ვერ გამოავლინოს ინციდენტის არსებობის ფაქტი, რადგან სამეთვალყურეო ვიდეო კამერები, მათი განლაგებიდან გამომდინარე ვერ აფიქსირებდნენ ინციდენტის ადგილს, რის გამოც D Block-ს თქვენ მიერ არ შეიძლება დაეკისროს რაიმე სახის პასუხისმგებლობა და/ან ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
D Block-ის მიერ თქვენთვის ინციდენტის დადასტურების შემთხვევაში, თქვენ მიერ ინციდენტთან დაკავშირებით შემდგომი საქმის წარმოების მიზნებისთვის, D Block-ს ინციდენტის ამსახველი ვიდეო-ჩანაწერების ამოღებისა და თქვენთვის ჩვენების უფლებამოსილება აქვს მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული მოთხოვნის საფუძველზე. შესაბამისად, თქვენ თავად მიმართავთ შესაბამის უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს ინციდენტის არსებობის თაობაზე და აღნიშნულზე შესაბამისი საგამოძიებო პროცედურების დაწყების მოთხოვნით. მოცემული წესებისა და პირობების მიზნებისთვის, ინციდენტი განიმარტება როგორც: (ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სისხლის სამართლის დანაშაული; (ბ) ასევე, ნებისმიერი პირის ქონების და/ან ჯანმრთელობის დაზიანება, რომელიც შეიძლება კვალიფიცირდებოდეს ან არ კვალიფიცირდებოდეს სისხლის სამართლის დანაშაულად.
1.6. დაკარგული და ნაპოვნი ნივთები. სამუშაო სივრცეში დაკარგული ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში, ასეთ ნივთს ვინახავთ სპეციალურად გამოყოფილ „დაკარგული და ნაპოვნი ნივთების“ სათავსოში, მინიმუმ 3 (სამი) თვის განმავლობაში, თუმცა არა უმეტეს 1 (ერთი) წლისა, ნივთის ღირებულებიდან გამომდინარე. თქვენ და/ან თქვენი პერსონალის/სტუმრის მიერ კუთვნილი ნივთს სამუშაო სივრცეში დაკარგვის შემთხვევაში, დახმარებისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ „D ბლოკის“ მიმღებში, დაკარგული და ნაპოვნი ნივთების სათავსოს შესამოწმებლად. ჩვენ ვიხსნით პასუხისმგებლობას თუ თქვენი დაკარგული ნივთები არ აღმოჩნდება დაკარგული და ნაპოვნი ნივთების სათავსოში. თქვენ და/ან თქვენმა პერსონალმა/სტუმარმა უნდა იზრუნოთ საკუთარი ნივთების უსაფრთხოდ შენახვაზე და ჩვენ არ შეიძლება დაგვეკისროს რაიმე სახის პასუხისმგებლობა მათი დაკარგვის/ქურდობის, დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში.
ჩვენ არ ვართ პასუხისმგებლები დაკარგული და ნაპოვნი ნივთების სათავსოში შენახვის პირობებზე. შენახვის მინიმალური ვადის გასვლის შემდგომ, ჩვენ უფლებამოსილი ვართ მოვახდინოთ ნაპოვნი ნივთების დაცლა დაკარგული და ნაპოვნი ნივთების სათავსოდან და მათი შემდგომი განკარგვა, ყოველგვარი ვალდებულების და პასუხისმგებლობის გარეშე.
დაკარგული და ნაპოვნი ნივთების სათავსოში არ ვინახავთ საკვების, სასმლის, თამბაქოს და/ან მედიკამენტებს/სამედიცინო საშუალებებს და შესაბამისად, ასეთი სახის საშუალებების/ნივთიერებების შენახვაზე არ ვიღებთ პასუხისმგებლობას.
1.7. D Block საერთო სარგებლობის სივრცეზე, სადაც განლაგებულია თქვენი სამუშაო სივრცე, განთავსებულია საევაკუაციო გასასვლელები შესაბამისი ნიშნებითა და გეგმით (შემდგომში „საევაკუაციო წესები“). საევაკუაციო გარემოებების არსებობის შემთხვევაში, რასთან დაკავშირებითაც D Block მოახდენს თქვენს დაუყოვნებლივ ინფორმირებას, თქვენ და თქვენი პერსონალი/სტუმრები სრულად ხართ პასუხისმგებლები და ვალდებულები, დაემორჩილოთ D Block-ის მიერ განთავსებულ საევაკუაციო წესებს. D Block-მა შესაძლოა წელიწადში ორჯერ თავის სივრცეზე ჩაატაროს პერიოდული საევაკუაციო ტრეინინგები, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ წინასწარ და წერილობით გაცნობებთ. 1.8. თქვენს სამუშაო სივრცეში სტუმრების მოწვევა ხდება მოცემულ ვებ-გვერდზე განთავსებული თქვენი პირადი პორტალის გამოყენებით. თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ წევრი სამუშაო სივრცეში მოცემული პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად მოიწვიეთ სტუმრის სივრცეში მოსვლამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიტოვებთ უფლებას არ დავუშვათ სტუმარი თქვენს სამუშაო სივრცეზე ან შესაძლოა დაგვჭირდეს დამატებითი დრო, სტუმრისთვის თქვენს სამუშაო სივრცეზე წვდომის გასააქტიურებლად, რასთან დაკავშირებითაც ვიხსნით ყოველგვარ პასუხისმგებლობას შექმნილ დისკომფორტზე.
1.9. დასუფთავების სამსახური. D Block-ის დასუფთავების სამსახური D Block-ის საერთო სამუშაო სივრცეების მთელ ტერიტორიაზე განახორციელებს დასუფთავების სამუშაოებს, ყოველ დღე, ღამის 12 საათიდან დილის 9 საათის ჩათვლით პერიოდის ნებისმიერ მონაკვეთში. დასუფთავების სამუშაოების ჩატარება თქვენს სამუშაო სივრცეზე ხდება ზედაპირულად და დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი არ ახდენს დასუფთავების სამუშაოების მიზნებისთვის თქვენი კუთვნილი ინვენტარისა და ნივთების თქვენი სამუშაო სივრციდან დროებით მიგრირებას. თუ დასუფთავების სამსახურის წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაო საათებში თქვენ სარგებლობთ სამუშაო სივრცით და მოცემულ პერიოდზე არ გსურთ თქვენს სამუშაო სივრცეზე ჩატარდეს დასუფთავების სამუშაოები, თქვენ წინასწარ უნდა მიმართოთ D Block-ის ადმინისტრაციას აღნიშნულთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში, თქვენ ითვალისწინებთ, რომ თქვენი სამუშაო სივრცის გარდა, D Block-ის სხვა საერთო სამუშაო სივრცეების დარჩენილ მთლიან პერიმეტრზე ჩვეულებრივ გაგრძელდება დასუფთავების სამუშაოები და D Block არ არის პასუხისმგებელი თქვენთვის შექმნილი დისკომფორტისთვის.
1.10. კომუნალური მომსახურებები. ელექტროენერგია, წყალმომარაგება და ინტერნეტ რესურსი სამუშაო სივრცეში ხელმისაწვდომია უწყვეტად, დღე-ღამის 24 საათიან რეჟიმში. D Block არ არის პასუხისმგებელი თქვენთვის ელექტროენერგიის, წყალმომარაგების და/ან ინტერნეტ რესურსის ხარვეზიანად მიწოდებაზე ან მიწოდების შეწყვეტაზე, თუ აღნიშნული გამომდინარეობს შესაბამისი კომუნალური და/ან ინტერნეტ რესურსის პროვაიდერის ტექნიკურ ინფრასტრუქტურაში გეგმიური სამუშაოების მიმდინარეობიდან, ავარიული და/ან სხვა ნებისმიერი სახის ტექნიკური შეფერხებიდან. შესაბამისი კომუნალური ან ინტერნეტ რესურსის პროვაიდერის მხრიდან თავის ტექნიკურ ინფრასტრუქტურაში გეგმიური სამუშაოების ჩატარებასთან, ავარიული შემთხვევის არსებობასთან ან სხვა ტექნიკურ შეფერხებასთან დაკავშირებით D Block-ის ინფორმირების შემთხვევაში, D Block აღნიშნულთან დაკავშირებით თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მოახდენს თქვენს ინფორმირებას. თუ თქვენთვის ელექტროენერგიის, წყალმომარაგების და/ან ინტერნეტ რესურსის მოწოდება დროებით იზღუდება D Block-ის ტექნიკური შეფერხებების საფუძველზე, D Block-ის შესაბამისი გუნდი მოახდენს აღნიშნულზე სწრაფ რეაგირებასა და არსებული პრობლემის გონივრულ ვადებში აღმოფხვრას.
1.11. ამანათები და კორესპონდენცია. ჩვენ თქვენი დავალებისა და მოთხოვნის საფუძველზე ვიღებთ თქვენს და/ან თქვენი პერსონალის შემოსულ კორესპონდენციას/ამანათებს. ჩვენ არ ვახდენთ თქვენი ამანათებისა და კორესპონდენციის გაგზავნას. შემოსული კორესპონდენციის/ამანათების მიღება გულისხმობს მათ შენახვას ჩვენს სამუშაო სივრცეში სპეციალურად გამოყოფილ სათავსოში, მათი მიღებიდან 60 (სამოცი) დღის განმავლობაში. თქვენ ან თქვენ მიერ გამოყოფილი შესაბამისი უფლებამოსილი პირი მიიღებთ პერიოდულ შეტყობინებებს სათავსოდან თქვენი კუთვნილი ამანათების/კორესპონდენციის გატანის შესახებ. თუ თქვენ არ უზრუნველჰყოფთ თქვენი კუთვნილი კორესპონდენციის/ამანათების ჩვენი სათავსოდან დადგენილ ვადაში გატანას, ჩვენ არ ვიქნებით პასუხისმგებელი მის შემდგომ შენახვაზე და ვიტოვებთ უფლებას, თავად ვუზრუნველვჰყოთ ჩვენი შეხედულებისამებრ ასეთი კორესპონდენციის/ამანათების ჩვენი სათავსოდან დაცლა, მათი შემდგომი განკარგვისთვის, ყოველგვარი პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გარეშე.
მოცემული მუხლის მიზნებისთვის, „თქვენი კორესპონდენცია“ ან „თქვენი ამანათი“ ნიშნავს წევრის (და წევრის პერსონალის) კორესპონდენციას ან ამანათს, რომლებსაც შეძენილი აქვთ და სარგებლობენ ჩვენი საწევრო პაკეტებით (მაგ. Box და Flex საწევრო პაკეტები).
ჩვენ არ ვიღებთ კონტაქტების (D-Pass პროდუქტის მომხმარებლების) კორესპონდენციას ან ამანათებს, რადგან არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ კორესპონდენციის/პაკეტების შენახვაზე ისეთი მოკლე ვადით, რა ვადაშიც D Pass პროდუქტის მომხმარებლები (კონტაქტები) იმყოფებიან ჩვენს სამუშაო სივრცეში.
ჩვენ ვიღებთ და ვინახავთ მხოლოდ შემდეგი კრიტერიუმის მქონე კორესპონდენციასა და ამანათებს:
კორესპონდენცია: მაქსიმალური ზომა - 27X35X2 სმ, მაქსიმალური წონა - 0,5 კილო
ამანათი: მაქსიმალური ზომა - 34X32X10 სმ, მაქსიმალური წონა - 3 კილო
თუ კორესპონდენცია ან ამანათი ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს, ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი მათ მიღებაზე.
1.12. სამუშაო სივრცეზე წვდომისთვის, თქვენ ან/და თქვენს პერსონალს შესაძლოა გადმოგეცეთ სამუშაო სივრცეზე დროებით წვდომის ბარათი, რომელიც გააქტიურდება ჩვენი პროდუქტის ან საწევრო პაკეტის შეძენის ეტაპზე და მოქმედებს შესაბამისი საწევრო პაკეტის ან პროდუქტის ვადის განმავლობაში. თუ თქვენ განაგრძობთ შესაბამისი საწევრო პაკეტის ან პროდუქტის გამოყენებას ახალი ვადით, D Block უზრუნველყოფს ბარათის თავიდან გააქტიურებას შესაბამისი ვადით. წვდომის ბარათით სარგებლობის ეტაპზე ვალდებული ხართ გაუფრთხილდეთ მას მისი დაკარგვის, დაზიანების ან განადგურებისგან და გეკრძალებათ მისი სხვა მესამე პირზე გადაცემა. თქვენ ვალდებული ხართ უზრუნველჰყოთ D Block-ისთვის თქვენს მფლობელობაში არსებული წვდომის ბარათის დაბრუნება დაუყოვნებლივ შესაბამისი საწევრო პაკეტის ან პროდუქტის ვადის ამოწურვის შემდგომ, იმავე მდგომარეობაში, როგორშიც იგი გადმოგეცათ.
თუ თქვენ (იგულისხმება ჩვენი წევრი, კონტაქტი, ან მისი პერსონალი) ვერ დააბრუნებთ წვდომის ბარათს შესაბამისი საწევრო პაკეტის ან პროდუქტის ვადის გასვლის შემდგომ, ან თუ D Block-ისთვის გადაცემული წვდომის ბარათი აღმოჩნდება დაზიანებულ ან განადგურებულ მდგომარეობაში, ყოველი დარღვევის შემთხვევაზე დაგეკისრებათ ჯარიმა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
აკრძალულია ნებისმიერი მცდელობა ან მიზანმიმართული ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს წვდომის ბარათის დაშლას, მის შიდა პროგრამულ კომპონენტებზე ან მიკროსქემებზე წვდომას ან რაიმე სხვა ქმედებას მიმართულს წვდომის ბარათის შიდა კოდებისა და პროგრამული სეგმენტების გაშიფვრისკენ.
თქვენ დაუყოვნებლივ უნდა გვაცნობოთ (იგულისხმება ჩვენი წევრი, კონტაქტი ან მისი პერსონალი) წვდომის ბარათის დაზიანების, დაკარგვის, ქურდობის ან განადგურების შესახებ. ასეთ შემთხვევაში, D Block დაბლოკავს ასეთ წვდომის ბარათს და გადმოგცემთ ახალ გააქტიურებულ ბარათს მხოლოდ მას შემდეგ, რაც გადაიხდით ბარათის დაკარგვისთვის, დაზიანებისთვის ან განადგურებისთვის მოცემული მუხლით გათვალისწინებულ ჯარიმას.
თუ თქვენს შეგეზღუდათ წვდომა სამუშაო სივრცეზე ზემოაღნიშნული ჯარიმის გადაუხდელობის გამო, D Block არ არის პასუხისმგებელი ან ვალდებული თქვენ მიერ შესაბამისი საწევრო პაკეტით ან პროდუქტით სარგებლობისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე. ჩვენ აგრეთვე არ შეიძლება დაგვეკისროს რაიმე სახის პასუხისმგებლობა დისკომფორტისთვის, რომელიც შესაძლოა შეგექმნათ სამუშაო სივრცეზე შეზღუდული ან დაგვიანებული წვდომიდან გამომდინარე, ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდიდან ახალი წვდომის ბარათის დამზადებამდე არსებულ პერიოდში.
1.13. სამუშაო სივრცესა და შენობის მთელ სივრცეებსა და საერთო ადგილებში, სადაც სამუშაო სივრცე მდებარეობს აკრძალულია თამბაქოს მოწევა ან/და რაიმე სახის ნარკოტიკული ან ალკოჰოლური ნივთიერების მიღება. თუ თქვენ ან თქვენი პერსონალის რომელიმე წევრი ან სტუმარი დაარღვევთ ამ მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებს, ვიტოვებთ უფლებას დაგაკისროთ ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ყოველ დარღვევაზე და მოვითხოვოთ კომპენსაცია ნებისმიერი ზიანისთვის (მათ შორის D ბლოკის მიერ გადახდილი ჯარიმების ანაზღაურება), რომელიც გამოწვეულია თქვენი, თქვენი პერსონალის ან სტუმრის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევის შედეგად.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ჩვენ უფლება გვაქვს ჩვენი შეხედულებისამებრ, დაუყოვნებლივ დროებით ან მუდმივად შევზღუდოთ ან შევწყვიტოთ თქვენი, თქვენი პერსონალის ან სტუმრის წვდომა სამუშაო სივრცეზე და შევწყვიტოთ შესაბამისი საწევრო ხელშეკრულება, ყოველგვარი ვალდებულების და პასუხისმგებლობის გარეშე, თუ აღნიშნული დარღვევა გრძელდება, ჩვენგან შესაბამისი გაფრთხილებების მიღების მიუხედავად. ყოველგვარი ორაზროვნების გამოსარიცხად, სამუშაო სივრცეზე წვდომის შეჩერება და/ან ჩვენ მიერ შესაბამისი საწევრო ხელშეკრულების შეწყვეტა არ გათავისუფლებთ სამუშაო სივრცეზე წვდომის შეჩერების და/ან შეწყვეტის თარიღისთვის დარჩენილი შეუსრულებელი ვალდებულებების შესრულებისგან. შეუსრულებელი ვალდებულებები მოიცავს (თუმცა არ შემოიფარგლება) გადაუხდელი საწევრო პაკეტების საფასურისა და ჯარიმების გადახდას, ასევე წარმოშობილი ნებისმიერი სახის ზიანის ანაზღაურებას.
1.14. სარემონტო სამუშაოები შენობაში. D Block უფლებამოსილია სამუშაო სივრცეზე პერიოდულად განახორციელოს პროფილაქტიკური და აღდგენითი სარემონტო სამუშაოები, სამუშაო სივრცეზე მისი ნორმალური ოპერირების შედეგად დამდგარი ცვეთიდან გამომდინარე მოსალოდნელი დაზიანების პრევენციის ან შემცირების მიზნით (შემდგომში „პროფილაქტიკური სამუშაოები“) (ასეთის საჭიროების შემთხვევაში). D Block არანაკლებ 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე გაცნობებთ წერილობით დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების შესახებ. შეტყობინებაში უნდა მიეთითოს პროფილაქტიკური სამუშაოების დაწყების ზუსტი დრო და სავარაუდო ხანგრძლივობა. D Block მიიღებს მაქსიმალურ ზომებს, რომ პროფილაქტიკურმა სამუშაოებმა არ შეზღუდოს სამუშაო სივრცეზე თქვენი სამუშაო პროცესი ხანგრძლივი ვადით. 1.15. გაფრთხილება იურიდიული პირის სტატუსის მქონე წევრებისთვის. თქვენი, თქვენი პერსონალის ან სტუმრების მიერ სამუშაო სივრცის (მათ შორის ჩვენი ინვენტარის, ავეჯის და/ან ტექნიკურ მოწყობილობების) დაზიანების შემთხვევაში, თქვენ დაგეკისრებათ D Block-ისთვის შესაბამისი სარემონტო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშრებით D Block-ის მიერ გაწეული ყველა და ნებისმიერი სახის ხარჯის და სხვა ნებისმიერი პირდაპირი თუ არაპირდაპირი სახის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, D Block-ის მიერ განსაზღვრულ ვადაში. 1.16. გაფრთხილება ფიზიკური პირის სტატუსის მქონე წევრებისა და კონტაქტებისთვის. თქვენი, თქვენი პერსონალის ან სტუმრების მიერ სამუშაო სივრცის (მათ შორის ჩვენი ინვენტარის, ავეჯის და/ან ტექნიკურ მოწყობილობების) დაზიანების შემთხვევაში, თქვენ დაგეკისრებათ D Block-ისთვის შესაბამისი სარემონტო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშრებით D Block-ის მიერ გაწეული ყველა და ნებისმიერი სახის ხარჯის და სხვა ნებისმიერი პირდაპირი თუ არაპირდაპირი სახის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, D Block-ის მიერ განსაზღვრულ ვადაში. 1.17. თქვენ ვალდებული ხართ მოუაროთ სამუშაო სივრცეს, მკაცრად დაიცვას შრომის, ხანძარსაწინააღმდეგო და სხვა ტექნიკური უსაფრთხოების წესები, სანიტარული მოთხოვნები, შენობაში, სადაც სამუშაო სივრცე მდებარეობს, არსებული მოწყობილობების და ინვენტარის, აგრეთვე არსებული საინჟინრო კომუნიკაციებისა და ქსელების ექსპლუატაციის წესები, უზრუნველჰყოთ საკუთარი პერსონალისა და სტუმრების ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვა, როგორც სამუშაო სივრცეში, ასევე შენობაში, სადაც სამუშაო სივრცე მდებარეობს და შექმნათ შრომის უსაფრთხო პირობები.
2. ანგარიშსწორება
2.1. საწევრო პაკეტებთან, პროდუქტებთან და დამატებით ფასიან სერვისებთან დაკავშირებული ანგარიშსწორება წარმოებს წინასწარ, ჩვენ მიერ გაცემული შესაბამისი ინვოისის საფუძველზე. საწევრო პაკეტებთან დაკავშირებული კომერციული პირობები და ანგარიშსწორების პროცედურები ასევე განისაზღვრება კონკრეტულ წევრთან გაფორმებული ინდივიდუალური საწევრო ხელშეკრულებით. ჩვენს საწევრო პაკეტებსა და პროდუქტებზე ვრცელდება ანგარიშსწორების შემდეგი წესები:
2.1.1. D Pass პროდუქტზე ვრცელდება დღიური ფასი, რომლის ანგარიშსწორება ხდება წინასწარ და კონტაქტს ენიჭება სამუშაო სივრცეზე 24 საათიანი წვდომა მისი შეძენიდან ან ნებისმიერი სხვა არჩეული თარიღიდან. შესაბამისად, D Pass პროდუქტის შეძენით კონტაქტს უფლება აქვს ისარგებლოს სამუშაო სივრცით 24 საათის ან ნაკლები პერიოდის განმავლობაში.
2.1.2. Flex საწევრო პაკეტზე ვრცელდება ყოველთვიური საფასური, რომლის ანგარიშსწორება ხდება წინასწარ და წევრს ენიჭება სამუშაო სივრცეზე წვდომა 1 (ერთი) თვის ვადით. აღნიშნული 1 (ერთი) თვიანი ვადის ათვლა იწყება Flex საწევრო პაკეტის შეძენის ან ნებისმიერი სხვა არჩეული თარიღიდან და სრულდება შემდგომი თვის იგივე თარიღზე (თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული Flex საწევრო ხელშეკრულებით);
2.1.3. Box საწევრო პაკეტზე ვრცელდება ყოველთვიური საფასური, რომლის ანგარიშსწორება ხდება წინასწარ და გადახდის შემდეგ წევრს/წევრის პერსონალს ენიჭება სამუშაო სივრცეზე წვდომა Box საწევრო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადით.
2.2. ყველა და ნებისმიერი გადახდა წარმოებს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. საბანკო გადარიცხვებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკომისიოზე/ხარჯზე პასუხისმგებელია წევრი ან კონტაქტი.
2.3. ყოველგვარი ორაზროვნების გამოსარიცხად, თქვენი მხრიდან ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ვალდებულება შესრულებულად ითვლება ჩვენს საბანკო ანგარიშზე შესაბამისი თანხის ასახვის მომენტიდან.
2.4. ამ წესებისა და პირობების და/ან კონკრეტული საწევრო ხელშეკრულებების ფარგლებში განხორციელებული გადახდები არ ექვემდებარება წევრისთვის და/ან კონტაქტისთვის დაბრუნებას, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული შესაბამისი საწევრო ხელშეკრულებით.
2.5. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ცალმხრივად შევცვალოთ, გავზარდოთ ან შევამციროთ საწევრო პაკეტების, პროდუქტებისა და დამატებითი ფასიანი სერვისების საფასური, ჩვენი შეხედულებისამებრ, თქვენთვის წინასწარი წერილობითი შეტყობინების გამოგზავნის საფუძველზე, თუ სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული შესაბამისი საწევრო ხელშეკრულებით.
3. შეწყვეტა და გაუქმება
3.1. წევრის ან ჩვენ მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის და გაუქმების წესები და პირობები გათვალისწინებულია შესაბამის საწევრო ხელშეკრულებებში. D Pass პროდუქტი არ ექვემდებარება კონტაქტის მიერ გაუქმებას და შესაბამისად D Pass პროდუქტის შესაძენად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას, მისი შეძენის შემდგომ.
3.2. საწევრო პაკეტების და/ან პროდუქტების შეწყვეტა ან გაუქმება არ იწვევს მოცემული წესებისა და პირობების, მათ შორის და არა მხოლოდ შემდეგი მუხლებისა და დებულებების შეწყვეტას: მუხლი 4 – კონფიდენციალურობა, მუხლი 6 – განცხადებები და გარანტიები, 7.4 და 7.5 პუნქტები – ინტელექტუალური საკუთრება და ინტელექტუალურ საკუთრების გამოყენებასთან დაკავშირებული შეზღუდვები, ზიანის ანაზღაურებისა და პასუხისმგებლობის მუხლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და/ან სხვა მუხლები და პუნქტები, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამის საწევრო ხელშეკრულებებში და რომლებიც მათი შინაარსიდან და მიზნობრიობიდან გამომდინარე ძალას ინარჩუნებენ საწევრო ხელშეკრულებების ვადის ამოწურვის ან მათი ნებისმიერი საფუძვლით შეწყვეტის შემდგომაც.
3.3. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თქვენი მხრიდან მოცემული წესებისა და პირობების, ქცევის წესების და/ან შესაბამისი საწევრო პაკეტების არსებითი დარღვევის შემთხვევაში, ჩვენ შესაძლოა დროებით ან მუდმივად შეგიჩეროთ და/ან შეგიწყვიტოთ წვდომა ჩვენს სამუშაო სივრცეზე. თქვენთვის სამუშაო სივრცეზე წვდომის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში, ვიტოვებთ უფლებას ჯარიმის სახით უარი ვთქვათ თქვენთვის გადახდილი თანხის დაბრუნებაზე. ყოველგვარი ორაზროვნების გამოსარიცხად, თუ თქვენ მიერ მოცემული წესებითა და პირობებით, საწევრო ხელშეკრულებებით და/ან ქცევის წესებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა დარღვევის შედეგად ჩვენთვის წარმოშობილი ზიანის მოცულობა აღემატება თქვენ მიერ წინასწარ გადახდილი თანხის ოდენობას, ჩვენ აგრეთვე ვიტოვებთ უფლებას დაგაკისროთ ზიანის სრული ანაზღაურება.
3.4. ჩვენ შესაძლოა შეგიწყვიტოთ საწევრო ხელშეკრულება ან დროებით შეგიჩეროთ სამუშაო სივრცეზე წვდომა, ყოველგვარი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობის გარეშე, თუ ჩვენს კონტროლს მიღმა არსებულ ობიექტურ მიზეზთა გამო, რომელიც შესაძლოა კვალიფიცირდებოდეს ან არ კვალიფიცირდებოდეს ფორსმაჟორულ გარემოებად, ჩვენთვის დროებით ან მუდმივად შეუძლებელი ხდება ჩვენი წევრებისთვის და კონტაქტებისთვის სამუშაო სივრცის მიწოდება.
3.5. თქვენ ვალდებული ხართ საწევრო პაკეტის და/ან პროდუქტის მოქმედების ვადის ნებისმიერი საფუძვლით შეწყვეტის თარიღისთვის სრულად გამოთავისუფლებული გქონდეს სამუშაო სივრცე. თუ არაუგვიანეს საწევრო პაკეტის და/ან პროდუქტის მოქმედების ვადის შეწყვეტის თარიღისთვის თქვენ არ გამოათავისუფლებთ სამუშაო სივრცეს და არც მოცემული თარიღიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველჰყოფთ სამუშაო სივრცის გამოთავისუფლებას, D Block იტოვებს უფლებას, მოცემული ვადის გასვლის შემდეგ თავად მოახდინოს სამუშაო სივრცის გამოთავისუფლება და შეინახოს თქვენი ინვენტარი, მოწყობილობები და ნივთები თავის კუთვნილ სივრცეში, მათი მიგრირებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადით, ხოლო თუ ამ ვადის განმავლობაშიც თქვენ არ უზრუნველჰყოფთ მათ D Block-ის კუთვნილი სივრციდან გატანას, D Block არ აგებს პასუხს თქვენი ინვენტარის, მოწყობილობებისა და ნივთების უსაფრთხოდ შენახვაზე და/ან მათ დაკარგვაზე, დაზიანებაზე ან განადგურებაზე.
3.6. საწევრო პაკეტის და/ან პროდუქტის რაიმე საფუძვლით შეწყვეტა არ გათავისუფლებთ მოცემული წესებისა და პირობებიდან და/ან შესაბამისი საწევრო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული შეუსრულებელი ვალდებულებების და/ან სხვა ნებისმიერი შეუსრულებელი ვალდებულებების შესრულებისგან.
4. კონფიდენციალურობა
4.1. D Block-ის სხვა წევრებთან დაკავშირებული პერსონალური და მაიდენტიფიცირებელი მონაცემის შემცველი ყველა და ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ინფორმაცია მათი საქმიანობის, ბიზნეს მოდელისა და სამომავლო გეგმების შესახებ, D Block-თან და კორპორატიულ ჰონლდინგში შემავალი D Block-ის ნებისმიერ აფილირებულ პირთან დაკავშირებული ნებისმიერი ფინანსური და იურიდიული სახის ინფორმაცია, ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი იდეა, მეთოდი, სისტემა, კონცეფცია, პრინციპი, დოკუმენტი, პროცესი, ხერხი, “know how” და ნებისმიერი ინფორმაცია, რომელთანაც საწევრო პაკეტებით და/ან პროდუქტით სარგებლობის ფარგლებში თქვენ გქონდათ, გაქვთ ან შესაძლოა გქონდეთ პირდაპირი ან არაპირდაპირი წვდომა და რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს D Block-ს და/ან უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს მის კონკურენტუნარიანობაზე, წარმოადგენს მკაცრად კონფიდენციალურ ინფორმაციას (შემდგომში „კონფიდენციალური ინფორმაცია“) და თქვენ არ გაქვთ უფლება, D Block-ის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე გაუმჟღავნოთ იგი ნებისმიერ მესამე პირს და/ან ნებისმიერი ფორმითა და საშუალებით საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოთ იგი სხვა მესამე პირთათვის
4.2. მოცემული წესებითა და პირობებით გათვალისწინებული კონფიდენციალობის ვალდებულება ძალას ინარჩუნებს საწევრო პაკეტების და/ან პროდუქტების ვადის ამოწურვის ან სხვა ნებისმიერი საფუძვლით შეწყვეტის შემდგომაც. თქვენ ვალდებული ხართ კონფიდენციალური ინფორმაციის დასაცავად მიიღოთ ისეთივე ზომები, რა ზომებსაც მიიღებდით საკუთარი კონფიდენციალური ინფორმაციის დასაცავად და რომელზეც თქვენ აცხადებთ და იძლევით გარანტიას, რომ თქვენ მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის დასაცავად მიღებული ზომები წარმოადგენენ არაავტორიზებული გამჟღავნებისგან, გავრცელებისგან ან გამოყენებისგან დამცავ შესაფერის საშუალებას. თქვენ უფლება გაქვთ გაუმჟღავნოთ კონფიდენციალური ინფორმაცია მხოლოდ ისეთ თანამშრომლებს, რომლებსაც სჭირდებათ ასეთ ინფორმაციაზე წვდომა მოცემული წესებისა და პირობების და/ან შესაბამისი საწევრო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებითა და შესაბამის ვალდებულებათა შესასრულებლად. ასეთი პირები განუხრელად უნდა იცავდნენ კონფიდენციალობის იგივე ვალდებულებებსა და სტანდარტებს, რომლებიც მოცემული წესებითა და პირობებით არის გათვალისწინებული. თქვენ უფლება გაქვთ მოცემულ მუხლში მითითებული კონფიდენციალური ინფორმაცია გაამჟღავნოთ მხოლოდ კანონის საფუძველზე შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ან დავის განმხილველი ორგანოს წინაშე საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით, რის თაობაზეც წინასწარ წერილობით უნდა აცნობოთ D Block-ს. სხვა შემთხვევაში, თქვენ ვალდებული ხართ აუნაზღაუროთ D Block-ს ნებისმიერი პირდაპირი თუ არაპირდაპირი სახის ზიანი, რაც D Block-ს წარმოეშვა თქვენ მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის არამართლზომიერი და არანებადართული გამჟღავნების შედეგად.
4.3. თქვენ ვალდებული ხართ შესაბამისი საწევრო ხელშეკრულების შეწყვეტის და/ან ჩვენი შესაბამისი წერილობითი მოთხოვნისთანავე გაანადგუროთ მატერიალური ფორმით არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია და/ან დაუბრუნოთ იგი D Block-ს. მატერიალური ფორმით გაცემული კონფიდენციალური ინფორმაცია მოიცავს ნებისმიერ ასლს, რომელიც თქვენ გააკეთეთ და ყველა ჩანაწერს თუ სხვა მითითებას კონფიდენციალურ ინფორმაციაზე დოკუმენტებში.
5. მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
ჩვენ ვაგროვებთ, ვამუშავებთ, ვინახავთ, გადავცემთ და ვიცავთ თქვენს, თქვენი პერსონალის და თქვენი სტუმრების პერსონალურ მონაცემებს, ჩვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და მონაცემთა დაცვის შესახებ ყველა მოქმედი და სავალდებულო კანონის შესაბამისად. თქვენ ადასტურებთ, რომ ეყრდნობით ყველა საჭირო სამართლებრივ საფუძვლებს, მათ შორის (საჭიროებისამებრ) ნებართვას, შეაგროვოთ, დაამუშავოთ და გადმოგვცეთ თქვენი პერსონალის და სტუმრების პერსონალური მონაცემები, რათა ვუზრუნველვყოთ თქვენთვის და თქვენი პერსონალისთვის ჩვენი საწევრო პაკეტების, პროდუქტების და დამატებითი ფასიანი სერვისების მოწოდება. თქვენ ადასტურებთ, რომ ასეთ პერსონალურ მონაცემებს აგროვებთ და ამუშავებთ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი მათ სათანადოდ შენახვასა და დამუშავებაზე.
6. განცხადებები და გარანტიები
6.1. თქვენ აცხადებთ და იძლევით გარანტიას, რომ:
6.1.1. თქვენი საქმიანობა არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, არის კანონთან შესაბამისი და ეთიკური საქმიანობა, არ გვაყენებს რეპუტაციულ ან მატერიალურ ზიანს და ასეთი საქმიანობისთვის მოპოვებული გაქვთ ყველა საჭირო თანხმობა/ნებართვა/ლიცენზია/ავტორიზაცია (ასეთის სავალდებულოობის შემთხვევაში).
6.1.2. მოპოვებული გაქვთ მოცემულ წესებსა და პირობებზე დათანხმების და/ან ჩვენთან შესაბამისი საწევრო ხელშეკრულების გაფორმების ყველა სათანადო უფლება, მათ შორის სხვა მესამე პირის თანხმობა (დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილეთ პუნქტი „თქვენს შესახებ“);
6.1.3. არ გაქვთ აღებული ისეთი ვალდებულება მესამე პირის წინაშე, რაც ეწინააღმდეგება ან გამორიცხავს თქვენ მიერ მოცემულ წესებსა და პირობებზე დათანხმებას და/ან ჩვენთან შესაბამისი საწევრო ხელშეკრულების გაფორმებას;
6.1.4. თუ თქვენ წარმოადგენთ იურიდიულ პირს, ვალდებულებას იღებთ თქვენი პერსონალი და სტუმრები გაეცნონ და შეასრულონ ამ წესების და პირობების, ქცევის წესებისა და შესაბამისი საწევრო ხელშეკრულების პირობებს, რომლებიც არეგულირებთ სამუშაო სივრცეში მათ ქცევას/ვალდებულებებს. ასევე იღებთ ვალდებულებას, რომ მოიპოვებთ მათგან შესაბამის წერილობით თანხმობებს, კანონმდებლობით მოთხოვნილ შემთხვევაში;
6.1.5. სრულად ფლობთ იმ ენას (ენებს), რომელზეც შედგენილია მოცემული წესები და პირობები, ქცევის წესები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა და/ან შესაბამისი საწევრო ხელშეკრულება და სრულად გესმით და ეთანხმებით მათ შინაარსს;
6.1.6. არ გაქვთ რაიმე პრეტენზია ან წინააღმდეგობა: (i) საწევრო ხელშეკრულების, მოცემული წესებისა და პირობების, ქცევის წესებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაზე და/ან (ii) მათი ნებისმიერი პირობის შინაარსზე.
7. ვებგვერდით სარგებლობის პირობები და ინტელექტუალური საკუთრება
7.1. პირადი ანგარიშის (პორტალის) შექმნით, გამოყენებითა და ჩვენს ვებ-გვერდზე წევრად ან კონტაქტად რეგისტრირებით, გადმოგეცემათ არაექსკლუზიური, არა-ქველიცენზირებადი და არაგადაცემადი უფლება, გამოიყენოთ მოცემული ვებ-გვერდი პირადი და არაკომერციული მიზნებისთვის.
7.2. ვებგვერდით სარგებლობა შესაძლებელია მოცემულ მომენტში არსებული და ხელმისაწვდომი ხარისხითა და მდგომარეობით. ჩვენ შესაძლოა პერიოდულად შევცვალოთ, განვაახლოთ და გავაუმჯობესოთ ვებ-გვერდის ფუნქციონალი და მისი ტექნიკური გამართულობა, თუმცა, ჩვენ აღნიშნულთან დაკავშირებით არ ვიღებთ რაიმე სახის ვალდებულებას და პასუხისმგებლობას.
7.3. საწევრო პაკეტის შეძენის შედეგად ვებ-გვერდზე წევრის სტატუსით დარეგისტრირებით, თქვენ და თქვენს იმ პერსონალს, რომლებმაც გაააქტიურეთ მომხმარებლის პროფილი და საჯაროდ ხილვადი გახადეთ იგი D Block-ის სხვა წევრებისთვის, პორტალზე შესაძლებლობა გეძლევათ ვირტუალურად გაეცნოთ და გაგიცნონ, დაუკავშირდეთ და დაგიკავშირდნენ D Block-ის სხვა წევრები. თუ არ გსურთ D Block-ის სხვა წევრებმა პორტალზე იხილონ თქვენი პირადი პროფილი, შეგიძლიათ დაფაროთ იგი პორტალის შესაბამისი ფუნქციონალის გამოყენებით. თქვენ ადასტურებთ და ეთანხმებით, რომ მოცემული პორტალის საშუალებით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე, D Block-ის სხვა წევრებთან გაცვლილ ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე და მათთან დამყარებულ ნებისმიერ კომუნიკაცია პასუხისმგებელი ხართ მხოლოდ თქვენ და შესაბამისად, ჩვენ ვთავისუდლების ნებისმიერი სახის პასუხისმგებლობისგან თქვენი მხრიდან პორტალის მოცემული ფუნქციონალის გამოყენების შედეგად დამდგარ ზიანზე, ზარალზე, უსაფრთხოებისა და კონფიდენციალობის დარღვევაზე და/ან სხვა ნებისმიერი სახის ზიანზე და შესაბამისად ეთანხმებით, რომ მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი ასეთ დარღვევებსა და ზიანზე, რომელიც შესაძლოა მოგადგეთ თქვენ ან D Block-ის სხვა წევრებს.
7.4. მოცემული ვებ-გვერდი, ისევე როგორც მისი ყველა ფუნქციონალი, დიზაინი და კომპონენტი, მასში გათვალისწინებული კონტენტი, პუბლიკაციები, სავაჭრო ნიშნები, ლოგოები, ბრენდები და სხვა საავტორო და ინტელექტუალური საკუთრების უფლებით დაცული ობიექტები, რომლებიც ინტეგრირებულნი და საჯაროდ ხელმისაწვდომნი მოცემულ ვებ-გვერდზე, წარმოადგენენ D Block-ის საკუთრებას ან იმყოფებიან მის კანონიერ მფლობელობაში.
7.5. თქვენ გეკრძალებათ: (i) გამოიყენოთ მოცემული ვებ-გვერდი და/ან მასში ინტეგრირებული საავტორო და ინტელექტუალური საკუთრების უფლების ობიექტები ნებისმიერი სხვა მიზნითა და ფორმით, გარდა მოცემული წესებითა და პირობებით პირდაპირ გათვალისწინებული და ნებადართული მიზნისა და ფორმისა (მაგ: მარკეტინგული შეთავაზებებისა და სიახლეების, ჩვენი საქმიანობის, საწევრო პაკეტების, პროდუქტებისა და დამატებითი ფასიანი მომსახურებების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პირადი პორტალის მართვისა და ჩვენი საწევრო პაკეტებით, პროდუქტებითა და დამატებითი ფასიანი სერვისებით სარგებლობის მიზნით), (ii) მოახდინოთ მოცემული ვებ-გვერდის ან მისი რომელიმე ფუნქციონალის წაშლა, შეცვლა ან რეპროდუცირება, (iii) გქონდეთ არანებადართული, არაავტორიზებადი წვდომა ვებ-გვერდზე განთავსებულ კონტენტზე, წაშალოთ ან შეცვალოთ კონტენტი, ან განათავსოთ ნებისმიერი ისეთი შინაარსის მქონე მასალა ან ინფორმაცია, რომელიც ახალისებს ძალადობასა და დისკრიმინაციას და/ან არსებითად არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და ინტერესებს, (v) გამოიყენოთ ვებ-გვერდი და/ან მასში განთავსებული და საჯაროდ ხელმისაწვდომი საავტორო და ინტელექტუალური საკუთრების უფლების ობიექტები, თქვენი და/ან სხვა ნებისმიერი მესამე პირის კომერციული სარგებლობისთვის.
8. ინტერნეტით სარგებლობის პირობები
8.1. სამუშაო სივრცეში ჩვენს წევრებს, კონტაქტებს, მათ პერსონალსა და სტუმრებს ვთავაზობთ უსადენო ინტერნეტ სერვისს. ჩვენს სამუშაო სივრცეში ინტერნეტ სერვისით სარგებლობა შესაძლებელია მოცემულ მომენტში არსებული და ხელმისაწვდომი ხარისხითა და მდგომარეობით და შესაბამისად, ჩვენ არ ვიძლევით რაიმე სახის განცხადებასა და გარანტიას, მუდმივ რეჟიმში მისი კონკრეტული ხარისხითა და სიჩქარით მოწოდებასთან დაკავშირებით. სამუშაო სივრცეში კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფის მიზნით ჩვენს ტექნიკურ ინფრასტრუქტურაში ყველა გონივრული და კომერციული ზომის მიღებისა და დანერგვის მიუხედავად, ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ინტერნეტის საშუალებით მოპოვებულ ინფორმაციას და არ ვართ პასუხისმგებელი მის შინაარსზე, სიზუსტესა და უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, ინტერნეტ სერვისით სარგებლობით თქვენ ინფორმირებულად იღებთ ინტერნეტ სივრცეში ნავიგაციასთან და მასში ხელმისაწვდომი ინფორმაციის უსაფრთხოებასთან და სიზუსტესთან დაკავშირებულ რისკებს. თქვენ, თქვენი პერსონალი და/ან სტუმრები პასუხისმგებელი ხართ თქვენს ტექნიკურ მოწყობილობაში უახლესი ანტივირუსული პროგრამების ინსტალაციაზე.
8.2. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებლები თქვენი ტექნიკური მოწყობილობების რაიმე ფორმით დაზიანებაზე, მასში ხელმისაწვდომი მეხსიერების არამიზნობრივ ხარჯვაზე ან სხვა ნებისმიერი სახის მავნე ზემოქმედებაზე, რომელიც შესაძლოა მიადგეს თქვენი და/ან თქვენი პერსონალის/სტუმრის ტექნიკურ მოწყობილობას ან მასში არსებულ ნებისმიერ პროგრამულ უზრუნველყოფას, როდესაც ასეთი მოწყობილობა დაკავშირებულია ჩვენს სამუშაო სივრცეში ხელმისაწვდომ ინტერნეტ სერვისთან. მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენი და/ან თქვენი პერსონალის/სტუმრის ტექნიკური მოწყობილობის საშუალებით განხორციელებულ ნებისმიერ განზრახ თუ გაუფრთხილებელ ქმედებაზე, რამაც გამოიწვია სხვა წევრის, კონტაქტის და/ან იგივე ინტერნეტ სერვისის მომხმარებელ სხვა მესამე პირთა მოწყობილობების დაზიანება ან მათზე სხვა ნებისმიერი სახის მავნე ზემოქმედება. ჩვენ არ შეიძლება დაგვეკისროს რაიმე სახის პასუხისმგებლობას თქვენთვის, თქვენი პერსონალისთვის და/ან სტუმრისთვის დამდგარ ნებისმიერ ტექნიკურ, კომერციულ და/ან კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ზიანზე/ზარალზე, რომელიც თქვენ, თქვენს პერსონალს ან თქვენს სტუმრებს შესაძლოა წარმოგეშვათ ჩვენს სამუშაო სივრცეში ხელმისაწვდომი ინტერნეტ სერვისით სარგებლობის შედეგად და ეთანხმებით, რომ მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი ნებისმიერ ასეთ ზიანზე/ზარალზე.
8.3. ჩვენ შესაძლოა ნებისმიერ დროსა და ნებისმიერი მიზეზით დავბლოკოთ, შევაჩეროთ და/ან შევწყვიტოთ თქვენი (თქვენი პერსონალის/სტუმრის) წვდომა ჩვენს სამუშაო სივრცეში ხელმისაწვდომ ინტერნეტ სერვისზე, ნებისმიერი საშუალებით წავშალოთ, დავბლოკოთ, გავფილტროთ ან შევზღუდოთ ნებისმიერი მასალა, რომელიც ჩვენი შეფასებითა და გონივრული პრეზუმირების საფუძველზე წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგოს, სახიფათოსა ან არაეთიკურს, რომელმაც კანონის საფუძველზე შესაძლოა დაგვაკისროს რაიმე სახის პასუხისმგებლობა, დაარღვიოს სხვა მესამე პირთა, საავტორო და მომიჯნავე, ინტელექტუალური და/ან სხვა ნებისმიერი კერძო ან საჯარო სამართლებრივი უფლება, სავაჭრო საიდუმლოება, ინფორმაციის კონფიდენციალობა ან შესაძლოა წარმოადგენდეს ღირსების შემლახველი, დისკრიმინაციული, ძალადობრივი და/ან დეფამაციური შინაარსის მქონეს. აღნიშნული მიზნით, შესაძლოა ვითანამშრომლოთ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოებთან და/ან მესამე პირებთან ნებისმიერი საეჭვო ან სავარაუდო კანონდარღვევის გამოძიებისა და აღკვეთის მიზნით. თქვენ (თქვენს პერსონალს და/ან სტუმრებს) გეკრძალებათ ჩვენი და სხვა წევრების/კონტაქტების/მესამე პირის ტექნიკურ მოწყობილობებზე, მათში განთავსებულ ანგარიშებზე, ფაილებზე, ინფორმაციასა თუ სხვა ნებისმიერი სახის მონაცემებზე არანებადართული, არაავტორიზებადი წვდომა, შესაბამისი წერილობითი თანხმობის წინასწარ მოპოვების გარეშე. თუ ჩვენ აღმოვაჩენთ თქვენი და/ან თქვენი თანამშრომლის/სტუმრის მხრიდან ასეთ ქმედებას ან ასეთი ქმედების განხორციელების მცდელობას, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას დავბლოკოთ, შევზღუდოთ ან შევწყვიტოთ თქვენი და/ან თქვენი პერსონალის/სტუმრის წვდომა ჩვენს სამუშაო სივრცეში ხელმისაწვდომ ინტერნეტ სერვისზე.
8.4. მოცემულ მუხლში გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულების და/ან აკრძალვის დარღვევის შემთხვევაში, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას დროებით ან მუდმივად შევზღუდოთ, შევწყვიტოთ ან გავაუქმოთ თქვენი და/ან თქვენი პერსონალის/სტუმრის წვდომა ჩვენს სამუშაო სივრცეზე.
9. პასუხისმგებლობა და ზიანის ანაზღაურება
9.1. D Block არ არის პასუხისმგებელი თქვენთვის (და არც თქვენი პერსონალის, სტუმრების და/ან სხვა ნებისმიერი პირის წინაშე, რომელთა მოთხოვნებიც გამომდინარეობს თქვენი უფლებებიდან) ნებისმიერი შემთხვევითი, პირდაპირი თუ არაპირდაპირი, მიუღებელი შემოსავლის, დაკარგული საქმიანი შესაძლებლობის, რეპუტაციულ და/ან ხარჯის სახით დამდგარ ზიანზე (მათ შორის და არა მხოლოდ, გაუფრთხილებელი ან ბრალეული ქმედების შედეგად დამდგარ ზიანზე), რომელიც გამომდინარეობს სახელშეკრულებო, დელიქტური თუ სხვა ნებისმიერი ვალდებულების დარღვევისგან და რომელიც გამომდინარეობს და/ან უკავშირდება მოცემულ წესებსა და პირობებს, შესაბამის საწევრო ხელშეკრულებას, ქცევის წესებსა თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას, მიუხედავად იმისა ეცნობა, იცოდა ან უნდა სცოდნოდა თუ არა D Block-ს ასეთი გარემოების დადგომის შესაძლებლობის შესახებ. მოცემულ მუხლში გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გამორიცხვა არ ვრცელდება D Block-ის მიერ უხეში დაუდევრობით, განზრახ ან მოტყუებით დამდგარ ზიანზე და/ან სხვა ისეთ გარემოებაზე, რომელზეც კანონმდებლობით დაუშვებელია პასუხისმგებლობის გამორიცხვა. 9.2. D Block უარს ამბობს ყველანაირი სახისა და შინაარსის, გაცხადებულ, ნაგულისხმევ თუ სხვა ფორმით გამოხატულ განცხადებასა და გარანტიაზე საწევრო პაკეტებთან, პროდუქტებთან, დამატებით ფასიან სერვისებთან და მოცემულ ვებ-გვერდთან მიმართებით და მათი კონკრეტული მიზნისთვის ვარგისიანობასთან, შესაბამისობასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. 9.3. რამდენადაც ეს დასაშვებია მოქმედი კანონმდებლობით, თქვენ ვალდებული ხართ დაიცვათ D Block ნებისმიერი პრეტენზიისგან და მოთხოვნისგან, მათ შორის მესამე მხარის პრეტენზიებისგან და მოთხოვნებისგან, ნებისმიერი ვალდებულებისა და ხარჯისგან, რომელიც გამოწვეულია თქვენი, თქვენი პერსონალის და/ან სტუმრების მიერ მოცემული წესებისა და პირობების, შესაბამისი საწევრო ხელშეკრულების, ქცევის წესების, ვალდებულებების, აკრძალვების, განცხადებებისა და გარანტიების დარღვევის შედეგად, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი პრეტენზია და/ან მოთხოვნა გამოწვეულია D Block-ის უხეში გაუფრთხილებლობის, განზრახი ან მოტყუებით ჩადენილი ქმედებისგან. თქვენ აგრეთვე პასუხისმგებელი ხართ იმ პირების ქმედებებსა და მათ მიერ გამოწვეულ ზიანზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლებიც მოიწვიეთ სამუშაო სივრცეში თქვენ ან თქვენმა პერსონალმა. თქვენ გეკრძალებათ D Block-ის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე ნებისმიერი წარმოშობილი დავის D Block-ის ინტერესების წინააღმდეგ მოგვარება, რომელიც მატერიალურ და არსებითად უარყოფით ზიანს აყენებს D Block-ს და/ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას. D Block არ არის პასუხისმგებელი იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რომელიც წარმოიშვა მისი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე მიღწეული მორიგების საფუძველზე.
10. დასკვნითი დებულებები
10.1. მოცემულ წესები და პირობები ძალაში შედის ვებ-გვერდზე მათი გამოქვეყნების ან განახლების თარიღიდან და ანაცვლებს და აუქმებს მის ნებისმიერ წინა ვერსიას. მოცემული წესები და პირობები აგრეთვე ვრცელდება ყველა წევრზე/კონტაქტზე, რომელმაც ვებ-გვერდზე რეგისტრაცია გაიარა და/ან შეიძინა D Block-ის საწევრო პაკეტები, პროდუქტები და დამატებითი ფასიანი მომსახურებები მოცემული წესებისა და პირობების ბოლოო ვერსიის ძალაში შესვლამდე. 10.2. D Block-თან ნებისმიერი კომუნიკაცია ამ წესებისა და პირობების ფარგლებში ხორციელდება წერილობით, ვებ-გვერდის CONTACT US გვერდიდან.
(ა) ელექტრონული შეტყობინება: იმ შემთხვევაში, თუ მოცემული წესები და პირობები, ქცევის წესები ან შესაბამისი საწევრო ხელშეკრულება აკეთებს მითითებას ელექტრონულ შეტყობინებაზე, შეტყობინება იგზავნება D BLOCK-ის მიერ არჩეულ ნებისმიერი შემდეგი ფორმით: (i) იგზავნება თქვენ მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას მითითებულ ელ.ფოსტის მისამართებზე; ან (ii) იტვირთება თქვენს პირად პორტალზე;
(ბ) წერილობითი შეტყობინება - შეტყობინება, რომელიც გეგზავნებათ D Block-ის მიერ არჩეული შემდეგი ნებისმიერი ფორმით: (i) საფოსტო გზავნილით ფაქტობრივ მისამართზე ან წევრისთვის ან კონტაქტისთვის სამუშაო სივრცეში პირადად გადაცემა ან (ii) წევრების ან კონტაქტების ინფორმირებისთვის სამუშაო სივრცეში შესაბამისი შეტყობინების/განცხადების საჯაროდ გამოქვეყნებით.
10.3. ჩვენი საწევრო ხელშეკრულებები, ქცევის წესები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა და ნებისმიერი სხვა პოლიტიკა და წესი, რომლებიც შესაძლოა პერიოდულად შევიმუშავოთ და გამოვაქვეყნოთ მოცემულ ვებ-გვერდზე, წარმოადგენენ წინამდებარე წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს. მოცემულ წესებსა და პირობებს და საწევრო ხელშეკრულებებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება მოცემულ წესებსა და პირობებში მითითებულ პირობებს, თუ სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული შესაბამის საწევრო ხელშეკრულებაში და/ან კონკრეტულ პოლიტიკაში/წესებში.
10.4. ჩვენ შესაძლოა პერიოდულად განვაახლოთ ან შევცვალოთ მოცემული წესები და პირობები, საწევრო ხელშეკრულებები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა, ქცევის წესები და სხვა წესები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რასთან დაკავშირებითაც შესაძლოა გამოგიგზავნოთ შესაბამისი შეტყობინება. თუმცა, ჩვენ არ ვართ ვალდებული ასეთი შეტყობინების გამოგზავნაზე და შესაბამისად, არ შეიძლება დაგვეკისროს რაიმე სახის პასუხისმგებლობა ასეთ შეუტყობინებლობაზე. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ პერიოდულად შეამოწმოთ და გაეცნოთ მოცემულ წესებსა და პირობებში, საწევრო ხელშეკრულებებში, ქცევის წესებში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში და სხვა წესებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩვენ მიერ შეტანილ უახლეს ცვლილებებსა და განახლებებს.
10.5. ნებისმიერ შეტყობინებას, დოკუმენტს, ინვოისს ან სხვა სახის ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება თქვენ მიერ ჩვენი საწევრო პაკეტების, პროდუქტების და/ან დამატებითი ფასიანი სერვისების გამოყენებას და რომელიც შესაძლოა გამოგიგზავნოთ ელექტრონულად ან გამოქვეყნდეს/განახლდეს ჩვენი საწევრო პაკეტების, პროდუქტების და/ან დამატებითი ფასიანი სერვისების აღწერილობებში, აქვთ შესასრულებლად იურიდიულად სავალდებულო ძალა.
10.6. მოცემული წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10.7. ნებისმიერი პრეტენზიის, მოთხოვნის, შეკითხვის ან კომენტარის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ ვებ-გვერდის „კონტაქტის“ გვერდიდან.
10.8. მოცემული წესებისა და პირობების საფუძველზე, მისგან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებით არსებული დავის შემთხვევაში, მივმართავთ ყველა გონივრულ ზომას ასეთი დავის მოლაპარაკებებისა და ურთიერთშეთანხმების გზით გადასაწყვეტად. ურთიერთსასარგებლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა წარედგინება საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრს, არბიტრაჟის გზით დავის საბოლოო გადაწყვეტისათვის, ამავე საარბიტრაჟო ცენტრის მიერ დადგენილი საარბიტრაჟო წესების შესაბამისად. თუ დავის ღირებულება არ აღემატება 100 000 აშშ დოლარს, დავას განიხილავს ერთი არბიტრი, რომელიც ინიშნება ამავე საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟის წესების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ დავის ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარს, დავას განიხილავს 3 არბიტრი, რომელთაგან ერთს ნიშნავს D Block, ერთს ნიშნავთ თქვენ და ერთი ინიშნება ამავე საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესების შესაბამისად. საარბიტრაჟო განხილვის ადგილად განისაზღვროს ქ. თბილისი, საქართველო. საარბიტრაჟო განხილვა წარიმართოს ქართულ ენაზე.