საერთო სამუშაო სივრცეების გლობალური გავლენა ბიზნესებსა და კულტურაზე

D PASS_NEW PHOTO 3

მსოფლიოს მასშტაბით იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც საერთო სამუშაო სივრცეში არიან დასაქმებული სულ უფრო იზრდება. ეს გლობალური ტრენდია, რომელსაც დღესდღეობით უკვე არაერთი წარმატებული კომპანია შეუერთდა. უფრო მეტიც, უკვე იმასაც ვარაუდობენ, რომ სამომავლოდ საერთო სამუშაო სივრცემ შესაძლოა სრულებით ჩაანაცვლოს ტრადიციული ოფისის იდეა. თუ ამ საკითხით ხართ დაინტერესებული, გირჩევთ, ჩვენს წინა ბლოგებს გადაავლოთ თვალი, სადაც კორპორაციული სამყაროს მომავალს განვიხილავთ. დღევანდელი ჩვენი თემა კი იქნება, როგორ შეცვალა საერთო სამუშაო სივრცემ ბიზნესები და სამუშაო კულტურა. 

როგორ ეხმარება საერთო სამუშაო სივრცე ბიზნესებს განვითარებაში

ცხადია, ბიზნესების მხრიდან ოფისის საერთო სამუშაო სივრცეში გადატანა უბრალო ახირება არ არის. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვის ხანგრძლივი ფიქრის პროცესი, ხარჯების შეფასება და ყველა მნიშვნელოვანი ფაქტორის აწონ-დაწონა. როგორ ეხმარება საერთო სამუშაო სივრცე ბიზნესებს განვითარებაში? ამ კითხვას სხვადასხვაგვარი პასუხი შეგვიძლია გავცეთ. 

საერთო სამუშაო სივრცის უმთავრესი უპირატესობა ახალი კავშირების დამყარების შესაძლებლობაა. თანამედროვე სამუშაო გარემომ ბიზნესების თვალსაწიერი გააფართოვა. გაჩნდა კომუნიკაციის ახალი არხები. ერთმანეთი გაიცნეს სრულებით სხვადასხვა სფეროში მოღვაწე პროფესიონალებმა, რომლებიც მანამდე არც ერთ  სივრცეში გადაკვეთილან. სპონტანურმა ინტერაქციებმა ახალი იდეები გააჩინა. დასაქმებულების განვითარება და გააქტიურება, ცხადია, ბიზნესებზეც დადებითად აისახება. საერთო სამუშაო სივრცემ კომპანიების სიახლეების მიმართ მიმღებლობას შეუწყო ხელი. 

მოქნილი და კომფორტული სამუშაო გარემო

თუკი აქამდე ოფისი სტატიკურ დაწესებულებასთან ასოცირდებოდა, სადაც მხოლოდ სამუშაოს შესრულების მიზნით გვიწევდა მისვლა, საერთო სამუშაო სივრცის დამსახურებით, დღეს ეს დამოკიდებულება შეიცვალა. თანამედროვე დასაქმებულისთვის სამსახურებრივი გარემო ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ ოთხი კედლით შემოსაზღვრულ ოთახს, სადაც უფროსის დავალებებს ასრულებს. ეს არის კეთილმოწყობილი, კომფორტული სივრცე, სადაც ახალი, საინტერესო ადამიანების გაცნობის შანსი გვეძლევა. საერთო სამუშაო სივრცეში ყოველი დღე განსხვავებულია. აქ ადამიანები სწავლობენ, ვითარდებიან, ერთმანეთს ახალი იდეების განხორციელებაში ეხმარებიან, რაც პოზიტიურად აისახება, როგორც დასაქმებულებზე, ასევე ბიზნესებზე. 

რესურსების დაზოგვის საშუალება

ჯანსაღი სამუშაო კულტურის უზრუნველყოფის გარდა, საერთო სამუშაო სივრცე ბიზნესებს რესურსების დაზოგვის შესაძლებლობასაც აძლევს. ქირის ფასის შემცირება დამსაქმებლისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია. ამასთან, ეხსნება ყოველთვიური ფიქსირებული ხარჯებიც, რომელიც ძირითად შემთხვევაში, კომუნალურ გადასახადებთან და სივრცის დასუფთავებასთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, საერთო სამუშაო სივრცეში ხელმისაწვდომია უმაღლესი ხარისხის უახლესი ტექნიკა, რომელიც საქმის ეფექტიანად შესრულებაში გვეხმარება. საერთო სამუშაო სივრცემ ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობები გააჩინა. მისი წყალობით, შესაძლებელი გახდა ხელმისაწვდომ ფასად კომფორტულ, ყველა ტიპის საჭირო ინვენტარით აღჭურვილ სივრცეში მუშაობა, რაც აქამდე ბევრისთვის ფუფუნების საგნად რჩებოდა. 

როგორ შეცვალა საერთო სამუშაო სივრცის იდეამ კორპორაციული კულტურა

საერთო სამუშაო სივრცეში სრულებით განსხვავებული პროფესიის, წარმომავლობის, რწმენა-წარმოდგენების ადამიანები იყრიან თავს. ბუნებრივია, მათ ერთმანეთთან კომუნიკაცია და თანამშრომლობაც უწევთ. მრავალფეროვანმა კულტურულმა სპექტრმა კორპორაციული კულტურა მეტად ინკლუზიური გახადა. სოციალური გარემო, რომელიც საერთო სამუშაო სივრცეშია შექმნილი და ღონისძიებები, რომლებიც დასაქმებულთა ერთმანეთთან დაახლოების მიზნით პერიოდულად იმართება, ამ ადამიანებს ერთმანეთს უკეთ აცნობს. ისინი საკუთარ კულტურასა და პერსპექტივას აზიარებენ, რაც არამარტო ჯანსაღი სამუშაო გარემოს შესაქმნელად, გლობალური მასშტაბითაც სასარგებლოა. სამსახურებრივ გარემოში მსგავსი ტიპის ინტერაქცია სხვადასხვა კულტურის ადამიანებს შორის ბარიერების მოხსნისთვის საუკეთესო საშუალებაა. 

რას უნდა ველოდოთ მომავალში

იმის გათვალისწინებით, რომ დღეს სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდება საერთო სამუშაო სივრცეს, სამომავლოდ მისი მასშტაბები ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ტრადიციული ოფისები წარსულს ჩაბარდა. ახლო მომავალში ალბათ კიდევ უფრო მეტი ბიზნესის წარმატებულ კოლაბორაციას და შედეგად, საინტერესო პროდუქტს ვიხილავთ. მოსალოდნელია, რომ საერთო სამუშაო სივრცეში ახალ დეტალებსაც შევხვდებით. მაგალითად, პოდკასტის ოთახს ან ხმის ჩამწერ სტუდიოს. ამგვარი სიახლეები კიდევ უფრო მეტ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს მიიზიდავს. მაგალითად, თუკი, ჯერჯერობით საერთო სამუშაო სივრცის კედლებში სახელოვნებო ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანების დანაკლისია, სულ მალე ასე აღარ იქნება. ამგვარი ცვლილებები სამუშაო კულტურას კიდევ უფრო ინკლუზიურს გახდის. ამას საზოგადოებრივი თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ხელს უწყობს გუნდურად მუშაობისა და კოლექტიურობის ელემენტებს. 

შეჯამება

კორპორაციული კულტურა მუდმივად ცვლილებას განიცდის. ჩნდება ახალი პროფესიები და ქრება უკვე არსებული. საოფისე გარემოს ცვლილება, ცხადია, დიდ როლს ასრულებს სამუშაო კულტურასა და ბიზნესის განვითარებაზე. კომფორტული და მოქნილი სამუშაო გარემო განვითარების საშუალებას იძლევა. საერთო სამუშაო სივრცე ბიზნესებს უფრო ინოვაციურს ხდის და სიახლეების მიმართ მიმღებლობისკენ უბიძგებს. ამასთან, პროცესები უფრო გამჭვირვალე ხდება, რაც დასაქმებულების სამსახურებრივ ყოველდღიურობას პოზიტიურობისკენ ცვლის. იქმნება ჯანსაღი, ინკლუზიური სამუშაო გარემო, სადაც განსხვავებული და საინტერესო ადამიანები იყრიან თავს. მრავალფეროვნება და ღიაობა პროგრესის განმაპირობებელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია. 

PLEASE WAIT, WE ARE TIDYNG UP YOUR SPACE