როცა საქმე კარიერულ განვითარებასა და პირად ცხოვრებას ეხება, ბევრი ჩვენგანი ამას, როგორც არჩევანს აღიქვამს. თითქოს, ერთის სანაცვლოდ, მეორის დათმობა გიწევს. სინამდვილეში, ეს აუცილებელი არაა. ჩვენს საერთო სამუშაო სივრცეში დასაქმებული წარმატებული ადამიანების დიდი ნაწილი ახერხებს, რომ ცხოვრების ორი მნიშვნელოვანი ასპექტი ერთმანეთს შეუთავსოს. როგორ გადავანაწილოთ დრო სწორად და მივაღწიოთ იდეალურ ბალანსს სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის? ამისთვის პრიორიტეტების სწორად გადანაწილება და კარგი მენეჯმენტია აუცილებელი. დღევანდელ ბლოგში ვისაუბრებთ, როგორ გავართვათ თავი ამ, ერთი შეხედვით, არც თუ მარტივ საქმეს, შევინარჩუნოთ აქტიური პირადი ცხოვრება და განვაგრძოთ სამსახურებრივი წინსვლა.
დროის სწორი მენეჯმენტი
სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის შესანარჩუნებლად აუცილებელია დროის სწორი მენეჯმენტი. უნდა მოახერხო, რომ ერთის სანაცვლოდ მეორეს დრო არ მოაკლო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ან საქმისგან გადაიწვები და ჩვეულებისამებრ ფუნქციონირებას ვეღარ შეძლებ, ან კარიერას გართობასა და პირად ურთიერთობებს გადააყოლებ. თანამედროვე სამყაროში ყველას ეჩქარება. ისეთი განცდა გვაქვს, თითქოს, დრო ასწრაფდა და ვერ ვეწევით. ამიტომ, აუცილებელია, შეიმუშაო ყოველდღიური რუტინა, რომელსაც მიჰყვები. თუკი სამსახურებრივ საათებსა და დასვენების დროს ერთმანეთისგან გამიჯნავ, საქმისა და პირადი ცხოვრების დაბალანსება აღარ გაგიჭირდება. საბედნიეროდ, ამაში ხელს გვიწყობს თანამედროვე ტექნიკაც. არსებობს აპლიკაციები, რომლებიც დროის მენეჯმენტში გვეხმარება. უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით, დავალებების შესრულებასაც უფრო სწრაფად ვახერხებთ, რაც დროს გვითავისუფლებს. რაც მალე აითვისებ ამ სიახლეებს და შენს სასიკეთოდ გამოიყენებ, მით უკეთ შეძლებ დროის მენეჯმენტს.
როგორ დავიცვათ ოქროს შუალედი
არსებობს სამი ოქროს წესი, რომელიც სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის იდეალური ბალანსის მიღწევაში დაგეხმარება:
მკაცრად გაავლე ზღვარი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის
სწორად გადაანაწილე პრიორიტეტები
ისწავლე უარის თქმა
როცა სამსახური და პირადი ცხოვრება ერთმანეთისგან მკაცრად გაქვს გამიჯნული, ერთი მეორეს ხელს აღარ უშლის. ზუსტად იცი, როდის, რომელზე უნდა იყო კონცენტრირებული. მაგალითად, სამსახურებრივი საათების დროს არ უპასუხებ პირად ზარებს, ხოლო დღის დასასრულს საქმეს სამუშაო მაგიდასთან დატოვებ. ამაში პრიორიტეტების სწორად გადანაწილებაც დაგეხმარება. კარგი იქნება, თუ გეგმას გაწერ და წინასწარ გეცოდინება, რა დავალებები გაქვს დღის განმავლობაში შესასრულებელი. შეგიძლია, თითოეული მათგანის დასრულებისთვის კონკრეტული დროის შუალედი გამოყო, რომლის განმავლობაშიც მისი შესრულება მოგიწევს. ასე აუცილებლად ჩაეტევი განსაზღვრულ დროში და დამატებით საათები მუშაობა აღარ მოგიწევს.
და ბოლოს, ზრდასრული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ისწავლო უარის თქმა. ზოგჯერ ჩვენს თავზე იმაზე მეტ პასუხისმგებლობას ვიღებთ, ვიდრე გვავალდებულებენ. თუ ხვდები, რომ დამატებითი დავალება ან ახლობლის წვეულებაზე წასვლა შენს შესაძლებლობებს აღემატება, შეგიძლია, ზრდილობიანად მოიბოდიშო და უარი თქვა.
მეტი დრო დაუთმე საკუთარ თავს
სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის შესანარჩუნებლად, აუცილებელია, ჯანმრთელობაზეც იზრუნო. კარგი იქნება, თუ კვირაში მინიმუმ ერთ საღამოს საკუთარი თავისთვის გამოყოფ, როცა დაისვენებ და განიტვირთები. ეს შეიძლება იყოს თავის მოვლის რუტინა, თერაპია, სპორტი, კითხვა, ფილმების ყურება, სეირნობა ან მეგობრებთან ერთად გართობა. დაფიქრდი, როდის ისვენებ ყველაზე უკეთ, რა გჭირდება იმისთვის, რომ თავი უკეთ იგრძნო და სამსახურებრივი ვალდებულებები ცოტა ხნით დაივიწყო. თუ ხვდები, რომ გადაიღალე და ყოველდღიურობას თავს ვეღარ ართმევ, დროულად აიღე შესვენება და სამსახურს ახალი ძალებით დაუბრუნდი. გაეცანი ჩვენს ბლოგს - როგორ მივხვდეთ, რომ ჩვენი ტვინი მუშაობისგან შესვენებას გვთხოვს. თუ ხვდები, რომ ეს პრობლემები შენც გაწუხებს, დროა, მცირე ხნით შვებულება აიღო.
გახსოვდეს, რომ მარტო არ ხარ
სამსახურებრივ სტრესთან გამკლავება მარტივი არაა. თუ წნეხის ქვეშ გიწევს მუშაობა და სამსახურისა და პირადი ცხოვრების გამიჯვნას ვეღარ ახერხებ, დახმარებისთვის გარშემო მყოფ ადამიანებს შეგიძლია მიმართო, რომლებიც მოგისმენენ და დაგამშვიდებენ. სტრესთან გამკლავების ტექნიკის სასწავლად საუკეთესო საშუალებაა თერაპია. გახსოვდეს, რომ პრობლემებთან მარტო არ ხარ. შენ გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან საჭირო დროს გვერდით დაგიდგნენ და გაგამხნეონ.
შეჯამება
სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის მიღწევა მარტივი არაა. ამ კუთხით, კარიერული განვითარების გარკვეულ ეტაპზე ყველას გვაქვს პრობლემები. მთავარია, დროულად აიღო ხელში სადავეები და ყველა გზას მიმართო, რომ დრო სწორად გადაანაწილო. ამაში პრიორიტეტების განსაზღვრა და კარგი მენეჯმენტი დაგეხმარება. თუ ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებ, აუცილებლად იპოვი ოქროს შუალედს, როცა პირადი და სამსახურებრივი ცხოვრება შენთვის ერთდროულად საინტერესო და მრავლისმომცველია.