დღევანდელ ქაოსურ სამყაროში უამრავი ადამიანი უჩივის დაღლილობასა და გონებრივ გადაწვას. ხშირად, ყოველდღიური პასუხისმგებლობები დასვენებისა და ძალების აღდგენის საშუალებას არ გვაძლევს, თუმცა ჩვენი მენტალური და ფიზიკური კეთილდღეობისთვის, აუცილებელია,დროულად მივხვდეთ, თუ როდის გვთხოვს ჩვენი გონება მუშაობისგან შესვენებას. ამ ბლოგში კი იმ ძირითად ნიშნებზე ვისაუბრებთ, რომლებიც გვეუბნება, რომ შენელებისა და განტვირთვის დროა.
1. კონცენტრაციის სირთულე
ერთ-ერთი ადრეული ნიშანი იმისა, რომ თქვენს გონებას დასვენება სჭირდება, კონცენტრაციის გაძნელებაა. თუ აღმოაჩენთ, რომ ერთსა და იმავე აბზაცს რამდენჯერმე კითხულობთ ან ყურადღების გაფანტვის გარეშე ვერ ახერხებთ დავალების შესრულებას, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი შემეცნებითი რესურსები ამოწურულია და თქვენი ტვინი გაძლევთ სიგნალს, რომ მას კონცენტრაციის უნარის აღსადგენად დასვენება სჭირდება.
როგორ მოვიქცეთ:
გააკეთეთ მოკლე შესვენებები: ადექით სამუშაო მაგიდიდან რამდენიმე წუთით. გასეირნება, გაწელვა ან თუნდაც მოკლე საუბარი კოლეგასთან დაგეხმარებათ თქვენი კონცენტრაციის აღდგენაში.
გამოიყენეთ პომოდოროს ტექნიკა: იმუშავეთ 25 წუთის განმავლობაში, შემდეგ დაისვენეთ 5 წუთი. ოთხი ციკლის შემდეგ კი დაისვენეთ უფრო დიდხანს, 15-30 წუთი.
2. გადაწვის შეგრძნება
თუ თქვენ მიერ შესასრულებელ საქმეებზე ფიქრი გთრგუნავთ და ზედმეტად დარდობთ დათქმულ ვადებზე, შეიძლება მიუთითებდეს, რომ თქვენი გონება გადატვირთულია. როდესაც სტრესის დონე იზრდება, ნათლად ფიქრი და გადაწყვეტილების მიღება უფრო რთული ხდება.
როგორ მოვიქცეთ:
დააპტრიორიტეტეთ დავალებები: დაყავით თქვენი დავალებები მცირე დავალებებად და ფოკუსირდით ერთ რამეზე.
სცადეთ სუნთქვის ვარჯიშები: დაუთმეთ რამდენიმე წუთი სუნთქვის ან მედიტაციის ვარჯიშს თქვენი გონების დასამშვიდებლად.
3. გაზრდილი შეცდომების რაოდენობა
ჩვეულებრივზე მეტი შეცდომის დაშვება გონებრივი გადაღლის კიდევ ერთი ნიშანია. იქნება ეს საქმესთან დაკავშირებული ტექნიკური შეცდომები თუ მნიშვნელოვანი დეტალების დავიწყება, გაზრდილი შეცდომების რაოდენობა მიგანიშნებთ, რომ თქვენი შემეცნებითი პროცესები შენელებულია.
როგორ მოვიქცეთ:
შეამოწმეთ ორჯერ: როდესაც შეამჩნევთ, რომ შეცდომებს ხშირად უშვებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ რამდენჯერმე უნდა გადახედოთ ყველა დეტალს.
შეისვენეთ: გადადეთ სამუშაო რამდენიმე წუთით, რათა გონება გაწმინდოთ. მოკლე შესვენებამ შეიძლება გააუმჯობესოს თქვენი კონცენტრაციის დონე.
4. კრეატიულობის ნაკლებობა
თუ გიჭირთ ახალი იდეების მოფიქრება ან გადაწყვეტილებების მიღება, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი გონება შემოქმედებითად ფიქრისთვის ზედმეტად დაღლილია. კრეატიული აზროვნება დასვენებულ გონებას მოითხოვს.
როგორ მოვიქცეთ:
შეცვალეთ თქვენი გარემო: თუ ოფისიდან მუშაობთ, შეიცვალეთ სამუშაო ადგილი ან შეცვალეთ დეკორაცია თქვენს მაგიდაზე. თუ დისტანციურად, სახლიდან მუშაობთ, შეგიძლიათ ესტუმროთ საერთო სამუშაო სივრცეს, რათა სიახლეებმა დაასტიმულიროს თქვენი კრეატიულობა. ჩვენი საერთო სამუშაო სივრცე თბილისში სიამოვნებით გიმასპინძლებთ.
ჩაერთეთ სხვადასხვა აქტივობაში: ზოგჯერ, სრულიად განსხვავებული საქმის კეთებამ, როგორიცაა კითხვა, ხატვა ან მუსიკის მოსმენა, შეიძლება დადებითად იმოქმედოს შემოქმედებით აზროვნებაზე.
5. ფიზიკური სიმპტომები
გონებრივი გადაღლა დროთა განმავლობაში, შესაძლოა, გამოვლინდეს ფიზიკური სიმპტომებითაც, როგორიცაა თავის ტკივილი, თვალების დაძაბულობა ან ზოგადი სისუსტე.
როგორ მოვიქცეთ:
დაასვენეთ თვალები: დაიცავით 20-20-20-ს წესი - ყოველ 20 წუთში გაიხედეთ 20 მეტრის მოშორებით, მინიმუმ 20 წამის განმავლობაში.
მიიღეთ საკმარისი წყალი და საკვები: ხშირად დალიეთ წყალი და მიირთვით ჯანსაღი საკვები თქვენი ენერგიის მოსამატებლად.
6. გაღიზიანება და განწყობის ცვალებადობა
უჩვეულო გაღიზიანების შეგრძნება ან განწყობის მოულოდნელი ცვალებადობაც შეიძლება გადატვირთულობის ერთ-ერთი მანიშნებელი იყოს. სტრესმა და გონებრივმა დაღლილობამ შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს თქვენს ემოციურ სტაბილურობაზე.
როგორ მოვიქცეთ:
ჩაერთეთ სოციალურ ინტერაქციაში: დაუთმეთ ერთი წუთი მეგობარს ან კოლეგას სასაუბროდ. პოზიტიურმა სოციალურმა ურთიერთობამ შეიძლება დადებითად იმოქმედოს თქვენს განწყობაზე.
იზრუნეთ საკუთარ თავზე: ჩაერთეთ ისეთ აქტივობებში, რომლებიც მოგწონთ და გეხმარებათ დასვენებაში, როგორიცაა კითხვა, მუსიკის მოსმენა ან ბუნებაში დროის გატარება.
7. მოტივაციის ნაკლებობა
მოტივაციის ნაკლებობა იმ საქმეების კეთებისას, რომელიც მოგწონთ, შეიძლება მიუთითებდეს, რომ თქვენს ტვინს დასვენება სჭირდება. როდესაც გონებრივი დაღლილობა იჩენს თავს, მუშაობისადმი ენთუზიაზმის გრძნობაც იკლებს.
როგორ მოვიქცეთ:
დაისვენეთ დიდხანს: ხანდახან, მოკლევადიანი შესვენება საკმარისი არ არის. იფიქრეთ გრძელვადიან დასვენებაზე, რათა სრულად აღიდგინოთ ძალები.
იფიქრეთ თქვენს მიზნებზე: გადახედეთ თქვენს მიზნებს და შეახსენეთ საკუთარ თავს, თუ რატომ აკეთებთ იმას, რასაც აკეთებთ. ამან შეიძლება აღადგინოს თქვენი მოტივაცია.
შეჯამება
იმის გაგება, თუ როდის სჭირდება თქვენს გონებას დასვენება, აუცილებელია გრძელვადიანი პროდუქტიულობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. D Block-ში ყოველთვის მოვუწოდებთ ჩვენს წევრებს, რომ ყურადღება მიაქციონ ამ ნიშნებს და შესაფერისად იმოქმედონ. დაიმახსოვრეთ, შესვენება არ არის სისუსტის ნიშანი - ეს არის გადამწყვეტი ფაქტორი პროდუქტიულობის შესანარჩუნებლადა და მიზნების მისაღწევად.