„ციფრული მომთაბარეობა“ მუშაობის სრულიად ახალი კონცეფციაა, რომელიც რამდენიმე წელია, რაც პოპულარული გახდა. იმის გაცნობიერების შემდეგ, თუ რამდენად კომფორტულია სახლიდან მუშაობა ტრადიციულ ოფისში მუშაობასთან შედარებით, ტექინდუსტრიაში მომუშავეთა უმეტესობამ დისტანციური სამუშაოების ძებნა დაიწყო, რადგან ასე, საშუალება ჰქონდათ, ემუშავათ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.
თუმცა, მოხერხებულობისა და მოქნილობის მიღმა მალევე გამოიკვეთა დისტანციურად მუშაობის უარყოფითი მხარეებიც. დასაქმებულები მიხვდნენ, რომ სოციალური ურთიერთობების ნაკლებობა მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობას საგრძნობლად აზიანებდა. გარდა ამისა, დისტანციურად მუშაობა ზღუდავდა ე.წ. კორპორაციულ კიბეზე ასვლის შესაძლებლობას, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ სათანადო კავშირებისა და ურთიერთობების გარეშე ამ მიზნის მიღწევა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საერთო სამუშაო სივრცეების უეცარი პოპულარულობა გასაკვირი არავისთვის იყო. ის უპირატესობები კი, რაც საერთო სამუშაო სივრცეს აქვს, შეუძლებელია, შეუმჩნეველი დარჩენილიყო - პროფესიული კავშირების გაფართოებიდან დაწყებული, უახლეს ტექნოლოგიებზე წვდომით დამთავრებული, ეს სივრცე ყველაფრის საშუალებას იძლევა.
მოქნილობა
როგორც უკვე ვახსენეთ, IT სფეროსა და, ზოგადად, დისტანციურად მუშაობის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ საშუალებას გაძლევს, თავად დაგეგმო, სად და დროის რა მონაკვეთში შეასრულებ დაკისრებულ სამუშაოს. თუმცა ამასაც აქვს მეორე მხარე - ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მუშაობის შესაძლებლობაზე უარის თქმა არავის უნდა, ამის შედეგი კი ხშირად გადაღლილობა და სტრესია. ინტენსიური სამუშაო გარემო არღვევს მუშაობისა და დასვენების ბალანსს, რაც ბუნებრივია, რომ მუშაობის ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს.
ამ არასახარბიელო სიტუაციაში კი საერთო სამუშაო სივრცე საშუალებას იძლევა, რომ გეგმა დასახო - თავად დაჯავშნო სასურველი საათები და სამუშაო ადგილიც თავად შეარჩიო. დროის მენეჯმენტი და სამუშაოს სახლის გარეთ შესრულება არა მხოლოდ გაზრდის პროდუქტიულობას, არამედ გააუმჯობესებს ფიზიკურ და გონებრივ კეთილდღეობასაც. ეს უპირატესობები არა მხოლოდ ინდივიდუალურად მომუშავეებზე, არამედ კომპანიებზეც ვრცელდება, რადგან ახალი თანამშრომლების დამატებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე, საჭირო ტექნიკაზე, ქირასა და სხვა ვალდებულებებზე ფიქრი საჭირო აღარ იქნება.
როგორც წესი, საერთო სამუშაო სივრცეები წევრობის რამდენიმე ვარიანტს გვთავაზობენ - ეს შეიძლება იყოს დღიური, თვიური ან ერთწლიანი საშვიც კი. არჩევანი კი თქვენი მოთხოვნების, განრიგისა და ბიუჯეტის შესაბამისად უნდა გააკეთოთ.
ნეთვორქინგის შესაძლებლობა
როგორც უკვე ვახსენეთ, კორპორაციულ სამყაროში წინსვლა ნეთვორქინგის გარეშე არც ისე მარტივია. საერთო სამუშაო სივრცე კი საშუალებას გაძლევთ, შეხვდეთ სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანებს და კარი გაუღოთ ახალ შესაძლებლობებს.
კოლეგები
ციფრული ინდუსტრია დღევანდელ კორპორაციულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და დინამიკური სფეროა. სწორედ ამიტომ, მიმდინარე ტრენდებისა და სიახლეებისთვის თვალის დევნებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
საერთო სამუშაო სივრციდან მუშაობა, საშუალებას გაძლევთ, გაიმრავალფეროვნოთ სანაცნობო წრე და გაიფართოოთ თქვენი მხედველობის არეალი. თქვენს კოლეგებთან ურთიერთობით ბევრ სიახლესა და შესაძლებლობას აღმოაჩენთ.
სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები
გარდა თქვენი კოლეგებისა, საერთო სამუშაო სივრცეში არაერთი სფეროს წარმომადგენელს შეხვდებით. დეველოპერებთან, გრაფიკოს დიზაინერებთან თუ ანტრეპრენერებთან ურთიერთობა, გაზრდის თქვენს თვალსაწიერსა და კრეატიულობას, რადგან, როგორც წესი, ახალი იდეები სწორედ კომუნიკაციაში იბადება.
რესურსები
ალბათ დამეთანხმებით, რომ ტექინდუსტრიაში მუშაობა უახლეს ტექნოლოგიებზე წვდომას საჭიროებს. გარდა იმისა, რომ სასიამოვნოა კეთილმოწყობილ სივრცეში მუშაობა, პროდუქტიულობისა და მუშაობის ხარისხზეც დიდ გავლენას ახდენს.
შეხვედრების ოთახები
შეხვედრების ოთახი თითქმის ყველა საერთო სამუშაო სივრცეს აქვს და, როგორც წესი, აღჭურვილია ყველა იმ ინვენტარით, რომელიც ტექნოლოგიურ კომპანიას შეიძლება დასჭირდეს.
შესვენების ოთახები
ყველა თანხმდება, რომ განტვირთვის დრო ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მუშაობა. განსაკუთრებით კი ისეთ სწრაფად მზარდ ინდუსტრიაში, როგორიცაა IT. სწორედ ამიტომ, სპეციალურად დასვენებისთვის შექმნილი ოთახები ფაქტობრივად აუცილებლობად იქცა. ცხადია, საერთო სამუშაო სივრცეებმაც ფეხი აუწყეს ამ ტენდენციას და შექმნეს შესვენების ოთახები, რომლებიც დატვირთული სამუშაო დღის შემსუბუქებაში დაგეხმარებათ.
„მშვიდი ზონა“
მიუხედავად იმისა, რომ საერთო სამუშაო სივრცეს არაერთი სარგებლის მოტანა შეუძლია, ზოგიერთ ადამიანს მუშაობა იზოლირებულ სივრცეში ურჩევნია. ალბათ, პერიოდულად ყველას აქვს სურვილი, რომ ხმაურს გაექცეს და სრულ სიმშვიდეში გადაინაცვლოს. სწორედ ამ მიზეზით შეიქმნა ე.წ. „მშვიდი ზონები“ - ოთახები, სადაც საუბარი აკრძალულია. ასეთი სივრცეები დადებითად იმოქმედებს მათზე, ვისაც სურს, რომ სოციალური წნეხისგან გარკვეული დროით დისტანცირდეს.
ტექნიკა
გასაკვირი არ იქნება თუ გეტყვით, რომ IT სპეციალისტების მუშაობის ხარისხს დიდწილად ტექნოლოგიები განაპირობებს. პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირებისთვის, კოდის წერითვის და ა.შ. მათ სწრაფი ინტერნეტი სჭირდებათ. საერთო სამუშაო სივრცეების უმეტესობა კი აღჭურვილია უახლესი ინფრასტრუქტურითა და სპეციალიზებული ხელსაწყოებით, რომლებიც არა მხოლოდ ინდივიდების, არამედ კომპანიების სამუშაო პროცესის შეუფერხებლობასაც უზრუნველყოფს.
შეჯამება
ალბათ დარწმუნდით, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს საერთო სამუშაო სივრცეს ტექინდუსტრიაში მომუშავეთათვის. თქვენთვის სასურველ დროს კომფორტულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა, საჭირო რესურსებზე წვდომა და სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრისა და კოლაბორაციის საშუალება საერთო სამუშაო სივრცეს აქცევს ადგილად, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იპოვოს ახალი შესაძლებლობები.