რამდენიმე ფაქტორი, რაც ჩვენს პროდუქტიულობაზე უარყოფითად მოქმედებს

flex1

მოტივაციის ნაკლებობა სამსახურებრივი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა. გარკვეულ ეტაპზე ეს საკითხი ყველასთან იჩენს თავს. როგორც წესი, სტრესს, დემოტივაციას, გონების გაფანტულობას თან სდევს პროდუქტიულობის შემცირებაც, რაც უარყოფითად აისახება, როგორც ინდივიდუალურ საქმიანობაზე, ისე კომპანიის შედეგებზე. ამ საყოველთაო პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, დამსაქმებლები არაერთ გზას მიმართავენ. თუკი თქვენც უჩივით პროდუქტიულობის ნაკლებობას, მაშინ ეს ბლოგი თქვენთვისაა. დღეს ვისაუბრებთ იმ ფაქტორებზე, რომლებსაც მსგავს მდგომარეობამდე მივყავართ. ხელის შემშლელი ფაქტორების გააზრება მათგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ. 

დროის არასწორი გადანაწილება

უმეტეს შემთხვევაში, ნომერ პირველი ფაქტორი, რომელიც საქმის ხარისხიანად შესრულებაში გვიშლის ხელს, დროის არასწორი გადანაწილებაა. პროკრასტინაცია ბევრ ჩვენგანს ახასიათებს. გადადებულ საქმეს კი სასარგებლო შედეგები თითქმის არასდროს მოჰყვება. ეს ხშირად განპირობებულია იმით, რომ ვერ ვახერხებთ პრიორიტეტების სწორად დალაგებას, გვიჭირს მენეჯმენტი. ამას, საბოლოო ჯამში, ქაოსამდე მივყავართ. რაც უფრო დიდ ხანს ვითრევთ ფეხს, მით მეტი საქმე გროვდება და აღარ ვიცით, საიდან დავიწყოთ. მსგავსი სიტუაციის თავიდან არიდების საუკეთესო საშუალება დისციპლინაა, რომლის გამომუშავებაც ყოველთვის არის შესაძლებელი. დაიწყეთ ყოველი დილა დაგეგმვით. ჩამოწერეთ საქმეების სია, რომელიც ამ დღეს გაქვთ შესასრულებელი. განსაზღვრეთ, რა დრო დაგჭირდებათ თითოეული მათგანის შესასრულებლად და ეცადეთ ზედმიწევნით მიჰყვეთ გრაფიკს. თუკი ამ ჩვევას გაითავისებთ და თქვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცევთ, ნაკლებად შეგაწუხებთ პროდუქტიულობასთან დაკავშირებული პრობლემები. 

ხელის შემშლელი ფაქტორები

დაკვირვების შედეგად, იკვეთება რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ხელს უშლის პროდუქტიულობას. ერთ-ერთი ასეთი უარყოფითი გავლენაა სოციალურ მედიაზე მიჯაჭვულობა. მობილური ტელეფონის გადაჭარბებული მოხმარება თანამედროვე სამყაროს ყველაზე აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. ხშირად ჩვენ იმდენად დიდ დროს ვატარებთ ვირტუალურ სივრცეში, რომ გვავიწყდება ის, რაც რეალობაში ხდება, მათ შორის, საქმეც. ამის თავიდან ასარიდებლად, შეგიძლიათ, დაინიშნოთ დროის შუალედები, რომლის განმავლობაშიც ტელეფონს გვერდით გადადებთ და საქმეზე კონცენტრირდებით. 

დღეს სულ უფრო ხშირად შევხვდებით ადამიანებს, რომლებიც დისტანციურად მუშაობენ. სახლის პირობებში რთულდება ხმაურისა და სხვა ხელის შემშლელი ფაქტორების თავიდან არიდება. ეს ართულებს საქმეზე კონცენტრაციას, რაც უარყოფითად აისახება პროდუქტიულობაზე. თუ ფიქრობთ, რომ სამუშაო კუთხე გჭირდებათ, თბილისში არაერთი საერთო სამუშაო სივრცეა, სადაც კომფორტულ, თქვენზე მორგებულ გარემოს იპოვით. ამან არაერთი პრობლემა შეიძლება აგარიდოთ თავიდან. 

ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები

პროდუქტიულობის ნაკლებობის მიზეზი ხშირად არა გარემო ფაქტორები, არამედ შინაგანი იმპულსებია. თუ ფიზიკურად ან მენტალურად თავს ცუდად გრძნობთ, დიდი ალბათობით, საქმეზე ფოკუსირებას ვერ შეძლებთ. უძილობა, სტრესი, შფოთი, არასწორი კვება - ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი ჯანმრთელობას აზიანებს და შესაბამისად, ნაკლებ პროდუქტიულს გვხდის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მოვუსმინოთ საკუთარ ორგანიზმს და ვიზრუნოთ მასზე. თუ ფიქრობთ, რომ პროფესიონალის დახმარება გჭირდებათ, ყოველთვის შეგიძლიათ მიმართოთ ექიმს და თერაპევტს. მათი რჩევები პროცესის მართვას გაგიმარტივებთ და უფრო მალე დაძლევთ ყველა დაბრკოლებას.

ჩვევები, რომელიც ხელს ხელს გვიშლის მუშაობაში

ჩვენ ყველას გვაქვს მავნე ჩვევები, რომელიც დისფუნქციურს გვხდის. მათ რიგს შეგვიძლია მივაწეროთ პერფექციონიზმი. სრულყოფილებით შეპყრობილ ადამიანებს უჭირთ საქმის ეფექტიანად შესრულება. ეს უკანასკნელი ხშირად იწვევს უკმაყოფილებას, დაბალ თვითშეფასებას, რასაც დემოტივაციამდე მივყავართ. არის შემთხვევები, როცა საქმის პროცესში გვავიწყდება, რომ შესვენებაც აუცილებელია. სრული დატვირთვით გაუჩერებელი მუშაობა საბოლოოდ გამოგფიტავთ და საქმის ბოლომდე მიყვანას ვეღარ შეძლებთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პერიოდულად შესვენება მუშაობის მნიშვნელოვანი ნაწილია. 

დაუგეგმავი და უმიზნო მოქმედებები

პროდუქტიული ადამიანები ხშირად საუბრობენ საკუთარ დისციპლინასთან დაკავშირებით. ბევრი მათგანი სწორედ ამაში ხედავს პირადი წარმატების გასაღებს. სტრუქტურირებული მუშაობა, დაგეგმვა და მენეჯმენტი მართლაც გვეხმარება საქმის ეფექტიანად  შესრულებაში. ამისთვის, საჭიროა, დავისახოთ მცირე და დიდი მიზნები. პროცესი ეტაპებად შეგიძლიათ ჩაშალოთ და საფეხურებრივად მიჰყვეთ. ყოველდღიური რუტინა დროს დაზოგვაში და მის ოპტიმალურად გამოყენებაში დაგეხმარებათ.

შეჯამება

საკუთარ თავზე მუშაობა წარმატების აუცილებელი პირობაა. თუ ხვდებით, რომ პირად და კარიერულ განვითარებაში რაიმე გარე თუ შიდა ფაქტორი გიშლით ხელს, უნდა გადადგათ ნაბიჯები, რათა სასწრაფოდ გათავისუფლდეთ ამ წინაღობებისგან. დროის სწორი გადანაწილების, დისციპლინის გამომუშავების, დაგეგმვის, მცირე და დიდი მიზნების დასახვისა და მათი საფეხურებრივად ჩაშლის შემთხვევაში, ყველა დაბრკოლებას გაართმევთ თავს. თუ ჩვენს რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ, აუცილებლად ნახავთ შედეგს და იქნებით მეტად პროდუქტიული.

PLEASE WAIT, WE ARE TIDYNG UP YOUR SPACE